„აზიის განვითარების ბანკმა“ საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დასახმარებლად 2.5 მილიონ დოლარიანი გრანტი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" "აზიის განვითარების ბანკიდან" აცნობეს.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით და გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და ზოგადი სამედიცინო აღჭურვილობით მოსამარაგებლად.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის.

„გრანტი საქართველოს დაეხმარება საპასუხო ქმედებების განხორციელებაში და ის ADB-ის მიმდინარე დახმარების ნაწილია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშესაწყობად, სოციალური დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“,-აცხადებს შეინ როზენტალი.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, გრანტი ADB-ის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19-ის უარყოფითი შედეგების სამართავად.

„მაისში ADB-მ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაავადების გავრცელების, ბიზნესზე მისი უარყოფითი გავლენის შერბილებისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებად. ოქტომბერში ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ADB-მ მიმდინარე წლის აგვისტოში რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში საქართველოს ასევე გამოუყო გრანტი PCR ტესტის აპარატის შესაძენად. ახალი მოწყობილობა გაზრდის საქართველოს ტესტირების შესაძლებლობას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვირუსის უკეთ გამოვლენასა და გავრცელების შეკავებაში დაეხმარება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა