სალომე სამადაშვილი კითხვაზე, არის თუ არა პლებისციტი საკითხი, რომელიც შესაძლოა, ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზოს - საერთოდ, ძლიერ მმართველებს პლებისციტების და რეფერენდუმის არ ეშინიათ

საერთოდ, ძლიერ მმართველებს პლებისციტების და რეფერენდუმის არ ეშინიათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა პლებისციტი ის საკითხი, რომელიც შესაძლოა, ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზოს.

როგორც სალომე სამადაშვილი ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.

„საერთოდ, ძლიერ მმართველებს პლებისციტების და რეფერენდუმის არ ეშინიათ. მე მინდა გავიხსენო საფრანგეთის პრეზიდენტი დე გოლი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ პლებისციტებით მართავდა ფაქტობრივად ქვეყანას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აყენებდა ფრანგი ხალხის განსასჯელად. ვფიქრობ, ერთი რამ არის ნათელი - ჩვენ უნდა ვცადოთ მოვძებნოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის „წითელი ხაზი“ შეიძლება იყოს დათანხმება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა, ამავე დროს, ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ღრმად არის შესული პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა სახის კრიზისში, მე მგონი უნდა ხვდებოდეს, რომ რაც უფრო დაშორდება საზოგადოებრივ პოზიციებს, მით უფრო გაუჭირდება ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ ვფიქრობ, საზოგადოებრივ აზრთან კონსულტირება ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ინტერესებშიც შედის,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან არსებულ ეკონომიკურ პირობებში, საზოგადოების ინტერესი არ შემცირდება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ უკანასკნელ არჩევნებზე მიუხედავად კორონას გამოწვევისა იყო მაღალი აქტივობა. მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა დაბალი და ამაზე ჰქონდა ხელისუფლებას რეალურად გათვლა, თუმცა, ვნახეთ, რომ საკმაოდ მაღალი იყო. მე არ მგონია, რომ იმ გარემოში, რომელიც ჩვენ გვაქვს და დიდი მწუხარებით და შეშფოთებით მინდა ვთქვა, რომ უახლოეს თვეებში ეკონომიკური ვითარება დამძიმდება, ამ ფონზე არ მგონია, რომ საზოგადოების ინტერესი და მობილიზება დაიკლებს, ალბათ უფრო პირიქით. ამიტომ ამის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუ იქნება საბოლოოდ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს განაცხადა, რომ „გირჩში“ მიმდინარე მოვლენები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ ოპოზიცია შესაძლოა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტის ჩატარებას დათანხმდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა