სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - დაკავების მოლოდინი არ მაქვს - მე ვარ კარიერული დიპლომატი და წლების განმავლობაში ვემსახურები საქართველოს

სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმესთან მიმართებით მის ბრალეულობას ვერ ხედავს და დაკავების მოლოდინი არ აქვს. ამის შესახებ მალხაზ მიქელაძემ ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მალხაზ მიქელაძის თქმით, გამოკითხვისას საუბარი ასევე იყო კომისიის მუშაობის სპეციფიკაზე, როგორია შიგნით ერთგვარი ქცევის კოდექსი, რა წესებით მუშაობს და მოღვაწეობს.

„ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ბრალეულობას მე ვერ განვსჯი. ელემენტარულად არც კომპეტენცია მაქვს და არც ამის მანდატი. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია ვიცნობ ივერი მელაშვილს, ვიცნობ, როგორც კარგ სპეციალისტს და ნამდვილ პატრიოტს.

გარკვეული დეტალები მოითხოვდა დაზუსტებას, სწორედ ამას ემსახურებოდა განმეორებით ჩემი გამოკითხვა. ჩემს დანაშაულს ვერ ვხედავ. მე ვარ კარიერული დიპლომატი და წლების განმავლობაში ვემსახურები საქართველოს. საქართველოს სახელით მრავალ საერთაშორისო ასპარეზზე ვიყავი წარმოდგენილი. ეს არ იყო მხოლოდ დელიმიტაცია, ეს იყო კონფლიქტების თემა, რუსეთის სამხედრო ბაზების თემა. ჩემი დაკავების მოლოდინი არ მაქვს", - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი იყო საპასუხო, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა მისი გამოკითხვა.

„ძალიან ბევრი დეტალი იყო საპასუხო, რომელშიც მე ვარწმუნებდი შემკითხველებს, რომ მთლად კომპეტენტური არ ვიყავი ამ საკითხზე. თუმცა, იყო გარკვეული მოსაზრებები. ასევე, შეეხო ჩემს წინა ჩვენების დეტალებს, რაც საჭიროებდა დამატებით დაზუსტებებს“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისი ადვოკატი ივანე ჩიტაშვილი კი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმის გამოძიების არცერთ ეტაპზე არ გამორიცხავს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მალხაზ მიქელაძის დაკავებას, თუმცა განმარტავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიქელაძის ბრალეულობას დაამტკიცებს. როგორც მან გენერალურ პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მალხაზ მიქელაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვაზე მიქელაძე უწყებაში 5 დეკემბერს, 11:00 საათზეც არის დაბარებული და ამით მისი გამოკითხვის პროცედურა დასრულდება.

„მალხაზ მიქელაძემ ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც მას დაუსვეს. ხშირ შემთხვევაში შეკითხვები კრიტიკულად იყო დასმული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამომწურავი პასუხები გაეცა. არ იყო ახალი შეკითხვები. ძირითადად იყო პირველი ჩვენება და ამ ჩვენების დამაზუსტებელი კითხვები", - განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.

მისი თქმით, გამომძიებელმა განმარტა, რომ საქმესთან მიმართებით ბევრი მოწმის ხელმეორედ დაკითხვას აპირებენ, ვინაიდან ამ საქმეში შესაძლოა, ბევრი უზუსტობა იყოს.

„ჩვენ, როცა გამოკითხვაზე შევდიოდით ჟურნალისტმა გვკითხა, გამოვრიცხავდით თუ არა, რომ მოხდეს მალხაზ მიქელაძის დაკავება. გამოძიების არც ერთ ეტაპზე ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა ფაქტია ერთი, რომ მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება.

ჩვენ რა თქმა უნდა, 11:00 საათზე გამოვცხადდებით პროკურატურაში, დავასრულებთ გამოკითხვის პროცედურას და იმედია გამოძიებას ამ საქმესთან მიმართებით მეტი შეკითხვა არ ექნება. ბატონი მალხაზის მიმართ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მის ბრალეულობაზე მიუთითებდეს, ისევე, როგორც სხვა პირების. თუმცა, იყო კრიტიკული კითხვები, რასაც პასუხი გაეცა. ეს იყო კომისიის საქმიანობა, ტექნიკური დეტალები, კარტოგრაფიული საქმიანობა და ა.შ დეტალები, რომელიც შესაძლოა, არ იყოს კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია. ბატონი მალხაზი არის კარიერული დიპლომატი. შესაბამისად, ის კითხვები, რაც დაუსვეს, წესით და კანონით არ უნდა ყოფილიყო ბატონი მალხაზისთვის დასმული",- განაცხადა ჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო