ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ თავზე დაგვახია ბიულეტენები და ახლა, ვინ ლაპარაკობს წითელ ხაზებზე? გამყალბებელი და თაღლითი ხელისუფლება!

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები კომპრომისულია.

როგორც ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ოპოზიციაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნებია დასანიშნი.

“ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას და სხვადასხვა წინადადებას სთავაზობს, ეს უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი წითელი ხაზი გალახა 31 ოქტომბერს, გააყალბა არჩევნები, წყალში გადაყარა საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლებოდა, წყალში გადაყარა უამრავი ადამიანის პატიოსანი შრომა, მზადება არჩევნებისათვის და პრაქტიკულად, არჩევანის უფლება წაგვართვა. ამის მიუხედავად, ოპოზიციას ესმის, რომ ამ რთულ ვითარებაში, როცა არის ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად დაძლევისათვის, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის წინადადებებს, მე ვთვლი, რომ ის არის კომპრომისული.

მე პირადად, მაქვს უფრო მკვეთრი პოზიცია და მიმაჩნდა, რომ საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და დიახ, უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები, მაგრამ მესმის საერთო შეთანხმება, რომ აუცილებელი იყო გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა. ასევე, გუშინ გახმოვანდა პლებისციტთან დაკავშირებით მოსაზრებები, მე ესეც ძალიან სერიოზულ დათმობად მიმაჩნია. არ ვემხრობი პლებისციტს, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, პლებისციტი იყო პრაქტიკულად, არჩევნების დღეს, როდესაც მოსახლეობის 52%-მა გაყალბებული არჩევნებითაც კი, თქვა, რომ მას უნდა ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმემ წითელი ხაზები გადალახა ამ ქვეყანაში, ეს არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება.

„ჩვენ არანაირი წითელი ხაზი არ გადაგვილახია, ვიბრძოდით ყველანაირი პოლიტიკური მეთოდებით. წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დროს, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ნორმალური საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა, მაგრამ ხელისუფლებამ გადალახა წითელი ხაზები, დაგვახია თავზე ბიულეტენები და ახლა, ვინ ლაპარაკობს წითელ ხაზებზე? გამყალბებელი და თაღლითი ხელისუფლება, თაღლითი ივანიშვილის ხელმძღვანელობით. წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი ჰქონდა, ვის რამდენი პროცენტი უნდა მიეღო და დაწერილი ჰქონდა ბრძანება ვინ უნდა გასულიყო პარლამენტში და ვინ -არა.

ჩვენი, ოპოზიციის ძალა არის იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ხელახალი არჩევნებია დასანიშნი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო