ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციის ერთადერთი ინტერესია ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ - „ქართული ოცნება“ ამბოხს არ დაუშვებს

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ მიზნით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდა პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების თითქოსდა სისტემური გაყალბების ბრალდებას ეფუძნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა 31 ოქტომბრის არჩევნები ერთხმად შეაფასა როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი საარჩევნო პროცესის გასაპროტესტებლად, რამაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელიც იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის იმ ოქმებსაც, რომლებშიც დისბალანსი დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებულ არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისასპოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბრალდების აბსურდულობის მიუხედავად, მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა 1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, და სატელევიზიო დებატები, რაზეც იყო უარი. "აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს. ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ", რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო.

გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ამ მიზანზე გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან. აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც.

„სულ უფრო ხშირდება მათი თავდასხმები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე - შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორიელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში. დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება.

რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ. რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ყველაფერს, რასაც კი ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ შესაბამისი პარტიები ქმნიან მნიშვნელოვან ბარიერს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმაც არის გამოხატულება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხია, რაშიც ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს განიხილავენ“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რის რესურსიც მათ, ბუნებრივია, არა აქვთ“.

„როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ", - განაცხადა მან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს