გიგი უგულავა - ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და თუ ვინმე ამ როლის შესრულებას გადაწყვეტს, ძალიან უმადური როლია და ეს მათი არჩევანია

მე მგონი, ნიძლავს ვიგებ. მართალია, ჩემს ნიძლავს მეორე მხარე არ ჰყავს, კობახიძე ვერ გამომყვა ვერც იუმორში და ვერც რისკში, მაგრამ მგონი, მე მაინც ვიგებ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აღნიშნულით ის საკუთარ პირობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევიდოდა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარტო იქნებოდნენ, ირაკლი კობახიძეს თავი უნდა გადაეპარსა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად გადაიპარსავდა.

„ბატონმა ელისაშვილმა და ბატონმა იოსელიანმა იზრუნეს ჩემს ვარცხნილობაზე, უფრო სწორად, ჩემი ვარცხნილობის შენარჩუნებაზე და არ შევდივართო, განაცხადეს. სიტყვა სიტყვაა, უნდა შეასრულო, მადლობა, ყველა ჩამნაცველებელს, მაგრამ სხვა დროს იყოს“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე განმარტებით, თუკი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ, ისინი ოპოზიციაში აღარ იქნებიან. ამასთან, უგულავა აცხადებს, რომ „ყველა პროცესს ყავს თავისი იუდა“ და იქვე დასძენს, რომ ისტორიულად აღნიშნული როლი უმადურია.

„ხვალინდელი ღონისძიება ცერემონიალურია, ვისაც სურვილი აქვს მოვა და ვისაც სურვილი არ აქვს - არა, მაგრამ ბატონი ზურაბ ჯაფარიძის, ისევე როგორც „გირჩის“ დანარჩენი წარმომადგენლების პოზიცია რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ცხადია და ისინი აგრძელებენ ბოიკოტს ზუსტად იმ მოცულობით და ფორმით, რა მოცულობით და ფორმითაც ვაგრძელებთ ჩვენ. გამონაკლისი არის მხოლოდ ელისაშვილი და იოსელიანი. ახლა თქვენ განსაჯეთ, 8 პარტია, რომელშიც ასევე ბოიკოტს აცხადებს „პატრიოტთა ალიანსიც“, როგორ წარმოგიდგენიათ რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ბოკერიას და უგულავას ჭკუაზე დადის. დავანებოთ ბატონი ალეკოს სპეკულაციებს თავი, ამ ადამიანს აშკარად უჭირს, მის მდგომარეობაში შევდივარ. როცა მის თავს ამდენი კრიტიკაა და ამდენი უბედურება ტრიალებს, ნამდვილად არაეთიკურია კიდევ ერთი დამატებითი წიხლის მიჭერა, მან გააკეთოს თავისი არჩევანი. რაც უნდა ის დაგვაბრალოს, რაც უნდა ის ილაპარაკოს, თავიდან ბოლომდე ხსნილია, ნუ დაიღუპავს თავს, ნუ „გააპრავებს“ „ქართულ ოცნებას“, ნუ გაახარებს ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მათი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი აღარ იქნებიან ოპოზიციაში, ისინი ჩვეულებრივად გახდებიან „ქართული ოცნების“ ნაწილი, მე ამისთვის არ მემეტებიან ნამდვილად, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიიღებენ. როგორ გგონიათ, აქეთ ამხელა „ნაციონალური მოძრაობა“, იქით „ლელო“, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ამდენი ზრდასრული ადამიანია, რომელთაც თავიანთი ინტერესი აქვთ, ბევრი გაუკეთებიათ ცხოვრებაში და თავიანთი სიამაყე აქვთ, ამ ფონზე საუბარი, რომ ვინმე ვინმეს რამეს აძალებს, რა თქმა უნდა, არასწორია. ყველაზე ადვილი იქნებოდა, რომ სწორედ იოსელიანს დააძალო და აგერ დააძალეს კიდეც, აპირებს კიდეც ასეთი თუ, ისეთი ფორმით შესვლას, იოსელიანია თუ რომელია, ერთია ჩემთვის ორივე. წარმატებას ვერ ვუსურვებ, რადგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ, რომელიც საკუთარ თავს და ქვეყანას დააზიანებს, მაგრამ ბოიკოტი მაინც შედგება. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა პროცესს ყავს თავისი იუდა და თუ ვინმე ამ როლის შესრულებას გადაწყვეტს, ძალიან უმადური როლია, ისტორიულად ცნობილია, მაგრამ გადაწყვიტეს და ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო