არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას ვპირდებით, რომ შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთოს განაცხადი

მხოლოდ რწმენით, დემოკრატიის გაძლიერებით, უსაფრთხოების განმტკიცებით და ეკონომიკური განვითარებით, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის წარმართვით და საზოგადოების გაერთიანებით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მშვიდობის დაცვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ახალგაზრდა დემოკრატია.

"ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა - თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება. დღეს, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე; ქვეყანას ყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულების სტანდარტს იცავს და რეგულარულად მოდის საკანონმდებლო ორგანოში. მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრთა დასწრება და მოსმენების რაოდენობა პარლამენტში, აღემატებოდა ბოლო 15 წლის ჯამურ მაჩვენებელს.

მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტები, რათა გაუძღვეს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს, ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გადაწყვეტილების მიღებაში უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და ეს პროცესი წარმართოს ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტურად. ახალი პარლამენტი ასევე, განსაკუთრებული იქნება გენდერული ბალანსის თვალსაზრისითაც - ახლა უფრო მეტი, თავისი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ქალი მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში.

ძვირფასო კოლეგებო, დღეს, ჩვენ ამ დარბაზში ვერ შევიკრიბებოდით, რომ არა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა, რომ არა ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთა მრავალთვიანი, დაუღალავი ბრძოლა კოვიდ19-ის პანდემიასთან. ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დააყენა. 2020 წლის მარტის შემდეგ პირბადეები, სოციალური დისტანცია და მკაცრი შეზღუდვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი და ტკივილია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თითოეულ ოჯახს, ვინც მისთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგა.

ქედს ვიხრი ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, იდგა ჩვენი საზოგადოების დასაცავად, წესრიგის და უსაფრთხოების, სოციალური ფუნქციების უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი: ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში, უკვე რამდენიმე თვეა, მუხლჩაუხრელად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად; პოლიციელებს, ჯარისკაცებს და მაშველებს, რომლებიც იცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას შეზღუდვების პირობებშიც; მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვების და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდებას; მოხალისეებს, საზოგადოების იმ წევრებს, ვინც ეხმარებიან მარტოხელა ადამიანებს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ხანდაზმულებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენი ქვეყნისთვის პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ცნობები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კარგი დღეები მალე დაბრუნდება და დროულად შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენას", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ანტიკრიზისული პოლიტიკა და ეკონომიკური გეგმა მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ, ასევე, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სწრაფი აღდგენისკენ.

"სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებს და მეწარმეებს გადასახადები გადაუვადდათ, მოხდა ოჯახებისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, თვითდასაქმებულებმა მიიღეს მხარდაჭერა, შენარჩუნდა კაპიტალური პროექტების დაფინანსება, შემუშავდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მოხდა სესხების გადავადება, ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასების შესანარჩუნებლად გამოიყო დაფინანსება, პენსიების ინდექსაციის წესი ამოქმედდება 2021 წლის იანვრიდან, ჩვენ შევძელით სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის, დეველოპერული სექტორების მხარდაჭერა და 17 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ბავშვზე ფინანსური დახმარების მობილიზება.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს 2020-2024 წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის მხარდამჭერი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ელექტროენერგიისა და სწრაფ ინტერნეტზე წვდომის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ შემოსავლებს სოფლად მცხოვრებლებისთვის, სოფლების განვითარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ერთიანობით და სახელმწიფოს გონივრული და ეფექტიანი პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას და შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას. საუკუნის წინ ეროვნული თავისუფლების მოპოვება დამოუკიდებლობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იყო. მას შემდეგ, მრავალი ისტორიული ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. თაობების ძალისხმევას, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეთა თავდადებას, მოქალაქეების სოლიდარობას, სამშობლოსათვის ბრძოლაში დაცემულ გმირთა ხსოვნას, ეკლესიის და სასულიერო პირთა უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. დღეს, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, რაც მთლიანად ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია.

თუმცა, სახელმწიფოს წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპაციის დასრულება, დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება, უსაფრთხოების განმტკიცება და მეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა არის ჩვენი თაობის მისია და მოვალეობაც ჩვენი შვილების წინაშე.

თავის დროზე, პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ქართული ემიგრაცია ევროპაში აგრძელებდა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქართული სახელმწიფოს და ეროვნული, კულტურული მისწრაფებების შენარჩუნებას. დღესაც, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას და ვაშენებთ თანამედროვე, ძლიერ, სამართლიან სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო.

საქართველოს განვითარება უხდება რთულ რეგიონში და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში. ამ პროცესში განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ გრძელდება რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და საქართველოს ისტორიული მიწები მიტაცებულია, ასობით ათასი დევნილი კვლავაც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში უსაფრთხოდ. განსაკუთრებით საგანგაშოა უკანონო გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. საქართველოს პასუხი ამ ყველაფერზე არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა, ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ისეთი პირობების შექმნა, რათა დასრულდეს ჩვენი საზოგადოების და ტერიტორიის ეს უსამართლო და ხელოვნური დაყოფა.

მხოლოდ რწმენით, დემოკრატიის გაძლიერებით, უსაფრთხოების განმტკიცებით და ეკონომიკური განვითარებით, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის წარმართვით და საზოგადოების გაერთიანებით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მშვიდობის დაცვას", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს - ადამიანის თავისუფლებას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას, კონსტიტუციურ წესრიგს და სტაბილურობას.

"ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, რადგან ამის გარეშე დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რომ დემოკრატია ნამდვილი შინაარსით იყოს დატვირთული, რომლის ტრადიცია საქართველოში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, დიდი ილია ჭავჭავაძის დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ საქმეში, მაგიდის გარშემო ადგილი ყოველთვის მოიძებნება მათთვის, ვინც იზიარებს ამავე მიზნებსა და ღირებულებებს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მსგავსად, ევროპის იდეა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანამედროვე საქართველოს მთავარი კულტურული და პოლიტიკური ორიენტირია. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დასავლეთისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება.

მეათე მოწვევის პარლამენტი მთელი პასუხისმგებლობით: იმუშავებს პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გასატარებლად; უსაფრთხოების განმტკიცებისთვის;

დაიცავს ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას და ჩვენი ერის თვითმყოფადობას;

განაგრძობს ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. იზრუნებს დევნილებზე და მათ მშვიდობიან დაბრუნებაზე;

განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კანონის უზენაესობის პრინციპების განხორციელებას;

ხელს შეუწყობს და ზედამხედველობას გაუწევს ადამიანის უფლებების დაცვას;

ხელს შეუწყობს პროფესიონალური, მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის შემდგომ განვითარებას. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის სამართლიანი ურთიერთობების; შემდგომ ჩამოყალიბებას;

ზედამხედველობას გაუწევს გადასახადის გადამხდელთა ლეგიტიმურ ინტერესს, რომ ბიუჯეტი სამართლიანად და ეფექტიანად დაიხარჯოს;

პარლამენტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას და ჩართულობას, მათი დასაქმებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას; ახალგაზრდების მეტ მონაწილეობას პოლიტიკაში და მმართველობის პროცესში;

ჩვენ ხელს შევუწყობთ სამოქალაქო ინტეგრაციას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში;

იზრუნებს და სოლიდარული იქნება სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ;

ვიზრუნებთ ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე; ვიმუშავებთ რათა ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება და დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა;

ვიზრუნებთ პატიმრობაში მყოფ პირებზე და მათ ოჯახებზე;

ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ამოცანების, რომელიც საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წინაშე დგას. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის და ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებები.

მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული არჩევანისა - ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომელთაც ეკუთვნით არჩევნებში ჩვენი გამარჯვება! განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მიღება, მინდა, გისურვოთ წარმატებები, წარმატებები ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა