ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში „ოცნებიდან“ 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ

90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლა სირცხვილი არ არის, ეს ქვეყნის სამსახურია და ამისთვის იბრძოდნენ პარტიები, როდესაც წინასაარჩევნოდ ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ.

„უნდა მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს, ნიკა მელიას, რომელსაც მართლა პატივს ვცემ, ხატია დეკანოიძეს, თინა ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს, მინდა მათ მოვუწოდო, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გავუსწოროთ ამ ქვეყანას თვალი, ხომ გვინდა რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ ყველას შვილებმა, ვთქვათ ვაჟკაცურად, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ პარლამენტში. ნუ გრცხვენიათ, პარლამენტში არჩევისა და შესვლისთვის ვიბრძოდით და დავდიოდით ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ 3 თვე, ეს სირცხვილი არ არის ეს ქვეყნის სამსახურია.

ბოლო დროს ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და ვიცი, რომ ძალიან გაჭედილები არიან, არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ. ვიცი, რომ პარტიის შიგნით ჯანჯღარი და ყანყალია, არიან რადიკალები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გაგვიგებს ჩვენი ამომრჩეველიო - მიიღეთ გაბედული გადაწყვეტილება!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოიწონა, რომელმაც განაცხადა, რომ მალე ოპოზიციური პარტიები პარლამენტში იქნებიან და აღნიშნა, რომ სააკაშვილს კარგად ესმის, რას ნიშნავს ევროკავშირისა და ნატოს ელჩებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებები.

„სააკაშვილი იქ არის და ხვდება, რას ნიშნავს აპატურაის განცხადება, ხვდება ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების განცხადება რა არის, ხვდება ევროპარლამენტის განცხადება რა არის, ამათგან განსხვავებით ძალიან კარგად ხვდება რაღაცებს და ამისთვის შევაქებ სააკაშვილს - ყოჩაღ! ძალიან კარგი განცხადებაა! ოპოზიციამ ხელი უნდა მოვაწეროთ ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას და გადავდგათ ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, გავბედოთ, შევიდეთ პარლამენტში და იქ მთელი პოლიტიკური დუღილი გავაჩაღოთ. ვიფიქროთ ქვეყანაზე, რა დღეშია ქვეყანა ამასობაში! დაგვენგრა თავზე! მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის სიტყვას ახლა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენები გატრუნულები არიან იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ბედავს, რომ რაღაც თქვას, ახალგაზრდა ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს