გერმანიის და საფრანგეთის განცხადება - საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ შემდგომი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები კვლავ დღის წესრიგში დარჩეს, ასეთი დებატებისთვის კი პარლამენტი შესაფერისი ფორუმია

“მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წლის დასაწყისში მიაღწია. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა გამოიყენონ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმის შესაძლებლობა, რომელსაც ეს რეფორმა გვთავაზობს, - ამის შესახებ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„გერმანიისა და საფრანგეთის ახლო მეგობარმა საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში უზარმაზარი დემოკრატიული ცვლილებები განიცადა. მან გააძლიერა კავშირები ნატოსა და ევროკავშირთან, სადაც ის სამაგალითო როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ძლიერი ინსტიტუტების შექმნა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია. ამრიგად, ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წლის დასაწყისში მიაღწია საარჩევნო სისტემაში აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა გამოიყენონ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმის შესაძლებლობა, რომელსაც ეს რეფორმა გვთავაზობს. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ძლიერი აქტივობა იმედის მომცემია და - პანდემიის ფონზე - განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. თუმცა ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ საარჩევნო პროცესის გარკვეულ ხარვეზებზე მიანიშნეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად პარლამენტი “შესაფერისი ფორუმია.“

“როგორც ჩანს, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ შემდგომი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ასეთი დებატებისთვის პარლამენტი შესაფერისი ფორუმია, რადგან საპარლამენტო პროცესმა უნდა გააძლიეროს შედეგი და პროცესი - და საბოლოოდ საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

გვსურს ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას ევროკავშირისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო შუამავლების მიმართ. ისინი საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას დახმარებას სთავაზობენ, რათა ხელი შეუწყონ პოზიტიურ რეფორმის განხორციელებას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.

„საქართველო რეგიონალური გამოწვევების წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ქვეყანის ერთიანობას. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან იყვნენ პარტნიორები იმ დემოკრატიულ გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გვსურს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, აუცილებელია, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიიღოს ხელშესახები შედეგები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში,“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებენ, დემოკრატიული რეფორმის გზაზე სვლა განაგრძოს.

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა