„ლელო“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის მიზეზები და მის განსამუხტად სწორი ნაბიჯები გადადგას

პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო" არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ დასკვნას ეხმიანება.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, როდესაც არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, ეყრდნობიან არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანიზაციის ანგარიშს, არამედ „ლელოს“ ლიდერების, მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს. „ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის რეალური მიზეზები და გადადგას მის განსამუხტად კანონიერი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯები.

„როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების მასობრივ და ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვეყრდნობით არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანიზაციის ერთ ანგარიშს თუ შედეგების დათვლას, არამედ იმ დარღვევებს, რომლებიც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს, მრავლად დააფიქსირეს საკუთრივ "ლელოს" ლიდერებმა და აქტივისტებმა, არაერთმა მედია საშუალებამ თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ: ვგულისხმობთ დაშინების, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს. ამავე დროს, ცხადია, რომ იმ მცირე რაოდენობის შემთხვევებში, როდესაც მოხდა უბნის შედეგების გადათვლა, დადასტურდა, რომ ბიულეტენები არასწორად იყო დათვლილი. სწორედ ამ რეალობის შემდეგ, ასობით საჩივარი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციებმა და სასამართლოებმა აღარ განიხილეს, ხოლო მცირე ნაწილი - სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა შექმნილი კრიზისი და დაადასტურა, რომ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობდა არა სიმართლის დასადგენად, არამედ მისაჩქმალად.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ISFED შედეგების პარალელური დათვლის დროს იყენებს იმ ოქმებს, რომლებიც დგება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მიემართებოდა ამ ოქმებს და მათში შეტანილ მრავალჯერად შესწორებებს, რის შედეგადაც სრულიად დაიკარგა შედეგების პირველადი, რეალური სურათის აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, ISFED-ის მიერ შედეგების პარალელური დათვლა მეთოდოლოგიურად ვერ და არ ასახავს ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას, ზეწოლას, ნების კონტროლს, ე.წ. „კარუსელს", არასწორად გაბათილებულ ბიულეტენებს და სხვა მანიპულაციებს, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

„ლელო" მიიჩნევს, რომ არჩევნები არის მასობრივად გაყალბებული და „ცესკოს" მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ხელისუფლება შეეცადა, პარალელური დათვლის შედეგებზე უცნაური და უსაგნო აპელირება წარმოეჩინა საზოგადოებისათვის ისე, თითქოს ეს შედეგები როგორმე ადასტურებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მაშინ, როცა ასობით დარღვევაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი მძიმე ფაქტები დღემდე გამოუძიებელი რჩება. აქვე ჩნდება კითხვა, რატომ და როგორ გახდა ცნობილი ხელისუფლებისათვის ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, მაშინ, როცა ეს თავად ორგანიზაციას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული; ეს განსაკუთრებით აჩენს ეჭვებს იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ ამას სთავაზობდა ოპოზიციას - გადათვლილიყო ISFED-ის მონაცემები, მაშინ, როცა წინსწრებით იცოდა, რომ ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის რეალური მიზეზები და გადადგას მის განსამუხტად კანონიერი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯები“,- აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს