სერგო ჩიხლაძე - ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ მოლაპარაკებებს, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაიმართება

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სიის ჩახსნის თაობაზე ცესკო-ს მიმართეს, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავალი ელჩების ძალისხმევით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.

„წინა კვირაში ხელისუფლების მხრიდან განცხადებების, მუქარისა და შანტაჟის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. ასევე, იცით, რომ დაიწერა სიის ჩახსნაზე ოპოზიციური პარტიების თხოვნა ცესკოსადმი. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. ვადითაც კი, ჯერჯერობით მოსალაპარაკებლად დრო რჩება. ამიტომ, ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ მოლაპარაკებებს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაიმართება. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება პერსპექტივებზე საუბარი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები და პირობები არ იცვლება.

„ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პატიმრებთან, საარჩევნო კოდექსთან ერთად არის ვადამდელი არჩევნების თემა. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვას საფრთხე არ ემუქრება.

მისი თქმით, ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების მიმართ ყოველთვის ძალიან კორექტულია.

„ოპოზიციის ყველა მონაწილე მხარე მადლობას ვუხდით ფასილიტატორი ელჩებს, რომ ვალდებულება იკისრეს ამ მძიმე პროცესში, რომელიც მართლაც რთულად და მძიმედ მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ოპოზიციიდან არავის გაუკეთებია რაიმე ისეთი დამაზიანებელი განცხადება, არათუ ფასილიტატორი ელჩების მიმართ, არამედ „ქართული ოცნების“ მიმართაც. ვცდილობთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში, მათგან განსხვავებით მოზომილი ვიყოთ. ასე, რომ არამგონია, ამ მოლაპარაკებებს რამე ემუქრებოდეს ან ფასილიტატორი ელჩების დამოკიდებულების მხრიდან, რადგან ოპოზიცია ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მიმართ ყოველთვის ძალიან კორექტულია. „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე, ვიცი სხვა ოპოზიციური პარტიების აზრი, ყველა მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში, რომელიც სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სიის ჩახსნის თაობაზე ცესკო-ს მიმართეს, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან - სერგო ჩიხლაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო