ირაკლი კობახიძე - მივესალმებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ამ ორგანიზაციას ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები.

„მოხარული ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობ - საქართველოს“ ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკო-ს შესაბამის მონაცემებს. ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის.

ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა