ამერიკის სულისთვის გამართულ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელავერში, მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ამერიკელებს გაერთიანების მოუწოდა. "ჩვენ, ხალხმა, ხმა მივეცით. ჩვენი ინსტიტუტებისადმი რწმენა შენარჩუნდა. ჩვენი არჩევნების პატიოსნება ხელშეუხებელი დარჩა. ახლა დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, როგორც ეს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია, გავერთიანდეთ, გავჯანსაღდეთ,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, „დემოკრატიის ალს“ ამერიკაში ვერაფერი ჩააქრობს.
„დემოკრატიის ალი ამ ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაინთო. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვერც პანდემია და ვერც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამ ალს ვერ ჩააქრობს,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია 20 იანვარს გაიმართება.