მამუკა ტუსკაძე - 28-29 დეკემბერს, შესაძლოა, ერთპარტიული და თან არალეგიტიმური პარლამენტი მივიღოთ

28-29 დეკემბერს, შესაძლოა, ერთპარტიული და თან არალეგიტიმური პარლამენტი მივიღოთ, - ამის შესახებ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ პარლამენტში დამატებით 10 ოპოზიციონერი დეპუტატის შეყვანა ვერ შეძლო, პრეზიდენტს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ვალდებულება ექნება.

„საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტში არის ასეთი აბზაცი: პარლამენტი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს საკანონმდებლო ორგანოს წევრთა სრული რაოდენობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტი არის ლეგიტიმური, ანუ 76-მა კაცმა სრულიად კანონიერად ცნო 150 კაცის უფლებამოსილება. მაგრამ 29 დეკემბრისთვის, შესაძლოა, სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სიითი შემადგენლობა 99 ან უფრო ნაკლები იქნება. კანონში გვიწერია, რომ თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა გახდება ორ მესამედზე ნაკლები, საკანონმდებლო ორგანო ხდება არაუფლებამოსილი.

დღეს გვაქვს ასეთი რეალობა, 14 დეკემბერს პარლამენტის 7-მა პარტიამ ჩახსნა სიები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პარლამენტის წევრობაზე 60 კაცი დაწერს უარს, ან მინიმუმ 51 მაინც მოითხოვს უფლებამოსილების შეჩერებას და მათი ჩანაცვლება ვერ მოხერხდება, პარლამენტი გახდება არაუფლებამოსილი. იმ დღიდან, როდესაც პარლამენტის წევრები მიმართავენ შესაბამის კომიტეტს, ამ უკანასკნელს ექმნება ვალდებულება, 8 დღის შემდეგ, არა უგვიანეს მე-15 დღისა, დააკმაყოფილოს მოთხოვნა. ამის შემდეგ პარლამენტი მიმართავს ცესკოს და ეუბნება, მომაწოდე შემცვლელების ვინაობა. მაგრამ აქ თუ სიები აღარ იქნება, ცესკო, ბუნებრივია, მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პარლამენტის 2/3-ის დაკომპლექტება, შესაძლოა, ვეღარც მოხერხდეს. მე ვფიქრობ, რომ ელისაშვილი, "პატრიოტთა ალიანსი" და "გირჩი" რომც შევიდეს პარლამენტში, რაოდენობა მაინც არასაკმარისი იქნება. რადგან "ქართულ ოცნებას", მინიმუმ, 10 მანდატი მაინც სჭირდება. გამომდინარე აქედან, მაქსიმუმ, 29 დეკემბრისთვის, ჩვენ, შესაძლოა გვქონდეს არალეგიტიმური პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტს უკვე ექნება ვალდებულება, მარტისთვის დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები,“- განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მისივე განმარტებით, ფაქტობრივად, ოპოზიცია მათ „დათვურ სამსახურს“ უწევს, რადგან არჩევნების თემა თითქმის ყველა პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ გაერთიანებას აწყობს, მაგრამ არსებული ვითარება მომგებიან პოზიციაში არ აყენებს ქვეყანას.

„ის, რაც ცალკე აღებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს აწყობთ, შესაძლოა, ცუდი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პარტიული და ქვეყნის ინტერესები. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტს, უპირატესი სწორედ ეს უკანასნელი უნდა იყოს მისთვის. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ამიტომაც აპროტესტებს რევოლუციური გზებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს და შესაბამის ქმედებებს. ის, რაც ხდება ქვეყანაში, არც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ სიმართლის მიღწევა დიდი ბრძოლის შედეგად, მაგრამ კანონიერი გზებითაც არის შესაძლებელი. რევოლუცია გამოსავალი არ არის. ამიტომაც ვემიჯნებით ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქვეყნის ისედაც რთულ ცხოვრებაში ქაოსის შეტანას ცდილობენ და ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე მყოფ ერს უარეს პრობლემებს უქმნიან. ზუსტად ასეთი პოლიტიკური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გვერდით არასდროს დავდგებით. ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშას ვიკავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული. ჩვენც გვაქვს შენიშვნები მმართველ პარტიასთან არჩევნების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ მოცემულ ვითარებაში უპირატესია კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ფეხქვეშ არ გათელოს კონსტიტუცია და იაზროვნონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, “ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

შეგახსენებთ, რომ „არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალ პოლიტიკურ ძალთა პლატფორმა“ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მასში 6 პოლიტიკური პარტია უკვე გაწევრიანდა. პარტიების ლიდერები გაერთიანებაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც ელოდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს