ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, ვინ იგულისხმა გრიგოლ ვაშაძემ „ოდიოზურ ფიგურებში“, ეს თავად უნდა დააკონკრეტოს

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, ეს მათი განცხადებებიდანაც ჩანდა.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულოა. თუმცა, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა რომ იყო, მათ შორის მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით, ეს მათი ღია განცხადებებიდან ჩანდა. ალბათ, უახლოეს ხანებში გავიგებთ გრიგოლ ვაშაძის ეს განცხადება უკავშირდება პოლიტიკიდან წასვლას, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას და პოლიტიკური ცხოვრების სხვაგან გაგრძელებას. რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ეს პროცესი გრძელდება. როგორც ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, ამ პროცესში ჩართულია და ამ თვალსაზრისით მათი პოზიციები არ შეცვლილა. შესაბამისად, ვინ იქნება უშუალოდ მათი წარმომადგენელი მოლაპარაკების პროცესში, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი განმარტებით, თუ ვინ იგულისხმა გრიგოლ ვაშაძემ „ოდიოზურ ფიგურებში“, ეს თავად უნდა დააკონკრეტოს. ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, ის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ელჩების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს არ იზიარებს.

„ქართული ოცნება“ ყველანირ მეთოდს იყენებს ამ მოლაპარაკების ჩასაშლელად და სწორი გზიდან ასაცდენად. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მისამართით გამოთქმულ მოსაზრებს და მათ კრიტიკას ამ კუთხით გამოიყენებს. ჩვენ ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ეს ასევე ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ნამდვილად გვჭირდება მოკავშირეები, რადგან „ქართული ოცნება“ არის ერთპარტიული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს სწორედ ერთპარტიული სიმახინჯისა და უფსკრულისკენ. ამიტომ, ამ პროცესში დახმარებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ვიღებთ. ასეთი რეალობა გვაქვს- ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით და მოლაპარაკებების რეჟიმში პროცესის გადაყვანა არ შეგვიძლია, ამაში დამნაშავე ყოველთვის მმართველობაში მყოფი ძალაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ჩვენი დიპლომატიური კორპუსისა და სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობას. ვისურვებდი, რომ ისინი უფრო აქტიურადაც იყვნენ ჩართული თავიანთი პოზიციების დაფიქსირების თვალსაზრისითაც“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის,გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე