კანონს, რომლის თანახმად, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა 6 თვით უგრძელდება

მმართველი გუნდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის 6 თვით გახანგრძლივებას გეგმას. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კანონი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საახელმწიფოს საშუალებას აძლევს, კორონავირუსით გამოწვეული უფრო დიდი ზიანი აიცილოს თავიდან, რაც ხუნდაძის თქმით, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთანავე, დიმიტრი ხუნდაძემ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გაზრდა შემდგომში საჭირო აღარ გახდება, რადგან 6 თვე არის ის გონივრული ვადა, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება. ამ გამოწვევას, პრაქტიკულად, ვერც ერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე ვერ გაართვა თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად ჩვენ მიერ წინასწარ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვიკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს, რათა, ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, დავეხმაროთ ექიმებსა და ზოგადად მედპერსონალს, რომ ზედმეტი სირთულეების გარეშე დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობა, რისი კეთებაც მათ, ზოგჯერ, საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ.

ბოლო პერიოდის ეპიდტენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგომის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც, პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა. იმედი გვაქვს, რომ შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან 6 თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ამავდროულად, კი წერტილოვანი შეზღუდვებით დაინფიცირების შემთხვევების მინიმიზაციას შევძლებთ და შევაჩერებთ ვირუსის გავრცელების მზარდ ნეგატიურ ტენდენციას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო მოსახლეობის გვერდით დგას და ამ მძიმე ვითარებაში ყველაფერს აკეთებს, რათა პანდემიით შექმნილ ჯანმრთელობისა და სიცოცლის რისკებთან ერთად, ეკონომიკური რისკებიც მინიმუმამდე შევამციროთ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად, დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე