არჩილ თალაკვაძე - მსურს ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ მოვუწოდო - დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას და საზოგადოებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაში „ჯანსაღ ძალებს“ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა პარლამენტში მრავალპარტიული თანამშრომლობის, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა შექმნა და ეს მიღწევა არ უნდა დაიკარგოს.

მისი თქმით, დიალოგის გზით უნდა შეთანხმდნენ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ იმაზე, რაც ქვეყანას სჭირდება.

„საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და შევცვალეთ საარჩევნო სისტემაც. შედეგად, საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადმაკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც კონკურენტული და აღნიშნა, რომ ის ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ჩვენ მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია ისიც, რომ საქართველო მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე უკვე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, რაც 90-იანი წლების შემდეგ ყველა დროის, ყველა პოლიტიკური თაობისთვის იყო სასურველი, თუმცა ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ამ რეფორმის გატარება ვერ შეძლო, საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ეს გავაკეთეთ ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“.

მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული არჩევანისა. ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთაც ეკუთვნით არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარლამენტში მრავალპარტიული თანამშრომლობის, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ ეს მიღწევა არ უნდა დაიკარგოს, ამიტომ მსურს ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ მოვუწოდო. დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მოგეხსენებათ, დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. მისი ბოიკოტირება, ვფიქრობ, პოლიტიკური შეცდომაა. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტის სამუშაო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ და ვნახეთ ისიც, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია. პანდემიის მიუხედავად ჩვენმა 2 მლნ-მა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ, პარლამენტის და თქვენი სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰარცელს დიალოგის უწყვეტი მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ დიალოგი პოზიტიური შედეგით დასრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში მე-10 მოწვევის პარლამენტი უკვე შეუდგა საქმიანობას, მისაღები გვაქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება ელოდება, მოხარული ვარ, რომ კომიტეტები უკვე შეუდგნენ საქმიანობას და პირველი ინიციატივები სახეზეა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა