ივა ჭყონიას განცხადებით, ახალი წლის პერიოდში ფასების განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის

„დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ახალი წლის პერიოდში ფასების განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თებერვლის თვეში, სავარაუდოდ, ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას, რაც მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

„ახალი წლის პერიოდში ფასების განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუ საერთაშორისო ბაზარზე რიგ პროდუქტზე არ მოხდა ფასების ცვლილება. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ რიგი კომპანიები დაიწყებენ აქციებს, პირობითად 2+1 ან 3+1 აქციით, ამ მიმართულებით, რომ წაახალისონ თავიანთი პროდუქცია და მოხდეს მისი რეალიზება. ის საშიშროება, რომ პროდუქტი ძვირი დაგვხვდება და ვერ ვიყიდით, არ არის. აქამდე, რაზეც იყო ფასები მაგალითად 2 კვირის ან ერთი თვის წინ, იგივე ფასები იქნება წინასაახალწლოდ. თუმცა, ახალი წელი გადაივლის, გამოვფხიზლდებით და საკმაოდ ცუდ რეალობაში ვიქნებით. ჩემი მოლოდინი არის, რომ თებერვლის თვეში ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა იმ პრეისტორიიდან გამომდინარე, რაც აქამდე იყო. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ შედარებით მეტი აქტივობა დაიწყება თებერვლის ან მარტის თვეში. როდესაც უკვე შეზღუდვები მოიხსნება და მაღაზიებიც გაიხსნება, შედარებით მეტი მოთხოვნა იქნება მოსახლეობის მხრიდან და ეს იქნება უფრო მეტი ზეწოლა ლარზე“,-განაცხადა ჭყონიამ.

მისი თქმით, ლარის რყვევა ნეგატიურად აისახება ფასების ცვლილებაზე და შესაბამისად, მოსახლეობაზე.

როგორც ივა ჭყონია განმარტავს, თუ კომპანიებმა არსებული შეზღუდვების ფონზე, თუნდაც წინასაახალწლო პერიოდში პროდუქციის რეალიზება ვერ მოახდინეს, ეს მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

„არიან კომპანიები, თუნდაც ტანსაცმლის მიმართულებით ვინც ვაჭრობს, ვისაც საახალწლო პროდუქცია აქვს ჩამოტანილი, მათ თუ პროდუქტის რეალიზება ვერ მოახდინეს, (ძირითადი პერიოდი არის 1 იანვრამდე), საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან. არაერთხელ მისაუბრია დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით. საკმაოდ კოლოსალური თანხები აქვთ, გარდა იმისა, რომ პროდუქტში აქვთ ფული ჩადებული, მომენტალურად უწევთ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა საბაჟოზე, რაც ბიუჯეტში შედის. რა თქმა უნდა, ეს მათ რიგ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევთ. ეს კომპანიები საბანკო პროდუქტზე არიან დამოკიდებული და იქაც საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. ბანკი სახელმწიფო არ არის. ბანკთანაც უნდა სწორედ ისეთივე საუბარი, როგორც სხვა დანარჩენთან. ცალსახად სახელმწიფო ჩაერიოს და უბრძანოს ბანკს, გადაახდევინოს ან არა, ეს ბიზნესში უხეში ჩარევა იქნება“,-განაცხადა ჭყონიამ.

მისი განმარტებით, ბიზნეს სექტორს სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს.

„ბოლო პერიოდში არის შეღავათებზე საუბარი, იგივე საბანკო პროცენტების დასუბსიდირებაზე, თუმცა არავის დაავიწყდეს სუბსიდირებას რითი ახდენს სახელმწიფო. სუბდისირება ხდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით. ამიტომ, პირდაპირი მნიშვნელობით ყველანაირ სუბსიდირებას ვემიჯნები და ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ნეგატიურია“,-განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს ფასებზე.

„გაზზეც და ელექტროენერგიაზეც ფასის ნებისმიერი ცვლილება საბოლოდ ნეგატიურად აისახება მომხმარებელზე, რადგან ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციაზე ფასებიც ცვლილებას გამოიწვევს“,-განაცხადა ჭყონიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა