ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი - „რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს

"რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, ასევე იურისტმა კახა კოჟორიძემ ერთობლივი განცხადება გააავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არა, სამართლიანობაზე გაუკუღმართებული შეხედულებაა.

„ყურადღებით გავეცანით იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ შემაშფოთებელ გაცხადებებს „რუსთავი 2“-ის ღამის კურიერის ეთერში, სადაც მან აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს კი „არ ეძინა“, არამედ ბევრი იშრომეს, რომ „რუსთავი 2“ ,,მის მესაკუთრეს“ დაბრუნებოდა. გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი: 1. ,,რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე. 2. როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ „რუსთავი 2“-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა.

შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს. ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწადნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.

  1. გარდა ამისა, 2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და „რუსთავი 2“-ისდამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ „რუსთავი 2“ მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არშედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში. ჩვენ მოთმინებით ველით თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ვითხოვთ ერთადერთ რამეს: სამართლიან სასამართლოს! კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრესთვის დაბრუნებისთვის ბევრი იშრომა.

“თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2" ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე“,- განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო