გია ვოლსკი - არ შეიძლება ადამიანი ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურ პროცესს, გამარჯვების შემთხვევაში იხილებოდეს მისი კანდიდატურა მაღალ პოსტზე და იყოს დამნაშავე

არ შეიძლება ადამიანი ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურ პროცესს, გამარჯვების შემთხვევაში იხილებოდეს მისი კანდიდატურა მაღალ პოსტზე და იყოს დამნაშავე, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირი კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

გია ვოლსკის თქმით, კანონდარღვევა კიდევ უფრო თვალსაჩინო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გახდა მას შემდეგ, რაც პარტიებმა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატები დაასახელეს.

"სამართლებრივი ასპექტით უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. განა დასაშვებია საქართველოში ან ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და არის ძებნილი, გინდ სააკაშვილი იყოს გინდ სხვა პარტია. სახელმწიფო ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი რეაგირება იმისადა მიუხედავად, აქვს თუ არა სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს რაიმე პოლიტიკური წონა, ფაქტია, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს. არ შეიძლება ადამიანი ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურ პროცესს, იხილებოდეს მისი კანდიდატურა რაიმე მაღალ პოსტზე გამარჯვების შემთხვევაში და იყოს დამნაშავე. კანონის წინაშე პასუხს უნდა აგებდეს და ამ დროს პოლიტიკურ პროცესს ხელმძღვანელობს, შეუსაბამოა ეს და ამის გასწორება აუცილებელია. სამართლებრივად მისი ჩართულობის უკანონობა სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიებმა აქტიურად დაიწყეს დასახელება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების, სწორედ ამ ვითარებაში სააკაშვილის მონაწილეობის უკანონობის ყველა ასპექტი გაცილებით უფრო ნათელი გახდა, ვიდრე ეს ადრე იყო. სამომავლოდაც რომ გავიხედოთ, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა არსებობდეს კანონები, რომელიც არა კონკრეტულად სააკაშვილს შეეხება, არამედ საერთოდ გარემოებას, რომელიც უპირისპირდება საქართველოში სტაბილურობას და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარებას,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

ამასთან, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო