ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობაა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგია, რადგან ბიუჯეტზე არ იქნებიან ჩამოკიდებული

ეს არის ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, მაგრამ ჯამში მგონია, რომ ოპოზიციისთვის ეს არის კარგი, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის მიერ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად საბიუჯეტო დაფინანსება გაუუქმდებათ და შეუწყდებათ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მანდატებს სრულად არ აითვისებენ.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, დაფინანსების სისტემა გასაუქმებელია და პარტიები ბიუჯეტის დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ.

"საბიუჯეტო დაფინანსებას მე არ მივიღებდი არც ერთ შემთხვევაში - არც ისე, არც ასე, ამიტომ ნაკლებად მაღელვებს ეს საკითხი. ზოგადად მგონია, რომ ეს არის ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, მაგრამ ჯამში, მგონია, რომ ოპოზიციისთვის ეს არის კარგი, რადგან ბიუჯეტზე არ იქნებიან ჩამოკიდებული. ჩემი აზრით ეს სისტემა მაინც გასაუქმებელია, დაფინანსების სისტემაც, უფასო რეკლამაც და ყველა ბენეფიტი არის ჩასახსნელი, პარტიებმა თვითონ უნდა შეძლონ საკუთარი თავის შენახვა ისევე, როგორც მე ვაკეთებ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია შეუწყდება იმ პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს "ნაციონალურ მოძრაობაზე" ზეწოლის მცდელობაა.

"პარტიას რეგისტრაცია გაუუქმო იმიტომ, რომ მისი ლიდერი, რომელიც ქვეყნიდან არის წასული, რაღაცას ლაპარაკობს და იმას ლაპარაკი აუკრძალო, თორემ აქ პარტიას რეგისტრაციას გავუუქმებ, ჩემი აზრით, არის სრული სიგიჟე, სისულელეა, სასაცილოა - უკრძალავ ხმა არ ამოიღოო. ეს მიზანი ჰქონდა, რომ თავის ჭკუით „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ახდენენ გავლენას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც ითვალისწინებს დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ მანდატებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა