დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საზეიმო ღონისძიების ნახვა პირდაპირ ეთერში იყო შესაძლებელი.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

კახა კალაძემ კორონავირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ. ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნაა, არამედ გამოწვევა, არშეგუებაა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

ჩვენ წელს ვაცხადებთ თბილისს სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს ქვეყანაში გვაქვს. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ 19-ს. მეგობრებო, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია. დარწმუნებული ვარ, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რომ 2020 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“,-განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც ასევე პირდაპირ ეთერში მოხდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო