N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს

N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან გელაშვილი, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის შუამდგომლობით შედის, ჩვენ აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, თუმცა, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ, ბრალდებული ბრალს აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება, მე არ ვეთანხმები. როცა გიორგი რურუა საკნიდან გამოიყვანეს, ერთ-ერთი ბრალდებული ტელეფონზე საუბრობდა, რომელმაც გიორგი რურუას ცემა დაუწყო, ბრალდებული გასაშველებლად გამოვარდა, რომელსაც საკნის კარის ურდულის გადაკეტვა დაავიწყდა, უფრო სწორად, თქვა, რომ ხელი მიარტყა და სიჩქარეში არ ჩაიკეტა, პრიორიტეტად იმ მომენტში გასაშველებლად მისვლა ჩავთვალე, ვიდრე კარებზე ფიქრიო. ზუსტად, ამას ედავებიან, რომ ურდულს ხელი არ გაკრა, კადრებშიც ჩანს, რომ ყველას ხელი ამას ხვდება“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შალვა მარგველაშვილმა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლევან გელაშვილმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დაკავებუბლებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს