საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გორში ჩავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება შიდა ქართლის რეგიონში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგებას აგრძელებს.
„დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით გორს ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც შეხვდა გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატ, გიორგი ხოჯევანიშვილს. მხარეებმა ისაუბრეს COVID-19-ის დაფიქსირებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის რეაგირებასა და საზოგადოებისთვის გაწეულ დახმარებაზე, ასევე მიმოიხილეს მომავალი წლის საქართველოს წითელი ჯვრის გეგმები და მათ შორის ის სერვისები, რომლებსაც ეროვნული საზოგადოება ახორციელებს.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბენეფიციარებს გადასცეს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს წითელმა ჯვარმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 120 000-მდე ამანათი დაარიგა“,-აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.