სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, რევოლუციური სცენარი პირდაპირ ან ირიბად არსად განხილულა - იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი შედგება

ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, არსად განხილულა რევოლუციური სცენარი პირდაპირ ან ირიბად,- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება, რომლის აზრით, „რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს“.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ელჩის განცხადებას კატეგორიულად არ აღიქვას, რადგან ელჩმა თქვა, რომ ერთადერთი ალტერნატივა არის მოლაპარაკება და დიალოგი.

„ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, არსად განხილულა რევოლუციური სცენარი პირდაპირ ან ირიბად. ნიკა მელიამ თვითონ განმარტა, თუ რას გულისხმობდა, ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციას, ჩვენ გვაქვს პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას. ვრჩებით ერთგული იმ საერთო პოზიციის, რაც ოპოზიციურ პარტიებში არის. ველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ისევ და ისევ იმ საკითხებზე, რაც არის პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები და საარჩევნო გარემო. კატეგორიულად არ აღმიქვამს ელჩის განცხადება. პირიქით, მან თქვა, რომ ერთადერთი ალტერნატივა არის მოლაპარაკება და დიალოგი. ელჩის მხრიდან საკმაოდ მკვეთრი გზავნილები იყო. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გზავნილები უნდა გაითვალისწინოს. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი შედგება, რადგან ქვეყანა კრიზისშია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მკვეთრად დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიცია, რომ იმ 2 საკანონმდებლო ინიციატივის დაანონსება მიზანშეწონილი არ არის.

რაც შეეხება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ყველას აზრს და კრიზისულ სიტუაციას, მზად ვართ ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, მიუხედავად ირაკლი კობახიძის დესტრუქციული განცხადებებისა“, -განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ამ დრომდე ხელისუფლებას ოპოზიციისთვის კომპრომისული წინადადება არ შეუთავაზებია, თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს. ელჩმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების წინააღმდეგი არავინ არ არის, იქამდე სანამ ისინი მშვიდობიანად წარიმართება.

ამასთანავე, კარლ ჰარცელის თქმით, ქუჩის პროტესტმა მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი არ უნდა ჩაანაცვლოს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა