„თიბისი ბანკმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 25 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისი ბანკმა“ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, არსებული საკრედიტო ხაზის25 მილიონი ევროთი გაზრდის შესახებ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ჯამში „თიბისიმ“ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 81 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში Covid 19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება.

მათი ინფორმაციით, სესხები ბიზნესებისთვის ევროში, აშშ დოლარსა და ლარში გაიცემა, დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე.

„ვამაყობ ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობით, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ რთულ პერიოდშიც განაგრძობს ჩვენს გვერდით დგომას და „თიბისის“ დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

“როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ეკონომიკას ამ განსაკუთრებულად რთულ დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება გათვალისწინებულია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების და ქვეყნის ფინანსური სექტორის მხარდასაჭერად, რათა პანდემიის მიუხედავად მათ შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება და ქართული ეკონომიკის განვითარება“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ.

„თიბისის“ ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ერთადერთი ბანკია.

„EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა