გია ვოლსკი - ოპონენტები მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც საზოგადოებამ შეუკვეთა

მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს საგანგებო მნიშვნელობა აქვს.

"საკმაოდ რთული თემაა, რადგან ჩვენი ოპონენტები არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც შეუკვეთა საზოგადოებამ, რისთვისაც ჩატარდა არჩევნები და რისთვისაც ხმა მიიღეს. მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს პროცესის გაჭიანურებას. ვფიქრობ, მაინც საგანგებო მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებას, მოლაპარაკების მაგიდასთან პოზიციების დაფიქსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით ვინც ხელშემწყობი ფუნქციით გამოდის". - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მანდატების გაუქმებას, როგორც ვოლსკი ამბობს, პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს და საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა, თებერვლამდე ვერ მოხდეს.

"ასეც რომ იყოს - ოპოზიციას დროს აძლევდნენ თუნდაც თებერვლამდე, ამაში დასაძრახი არაფერი არ არის, პირიქით მისასალმებელია, მით უმეტეს თუ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, პროცედურები ითხოვს განსაკუთრებული საკითხების განხილვას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თებერვლამდე იმ საკითხების გადაწყვეტას, რასაც ჰქვია მანდატის გაუქმება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადებები საპროცედურო კომიტეტის გადაეცემა, რომელიც ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღის ვადაში ამზადებს შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭიწყრაზე გავა.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მანდატის დათმობაზე განცხადებები დაწერეს უფლება აქვთ, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვონ პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელონ თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს