დავით კირკიტაძე - გრიგოლ ვაშაძის წასვლა „ნაცმოძრაობისთვისაც“ და ოპოზიციური ფლანგისთვისაც დიდი დანაკლისია, თუმცა პარტია და ოპოზიციური სპექტრიც მდიდარია ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ, გააგრძელონ ბრძოლა

გრიგოლ ვაშაძის წასვლა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და მთლიანად ოპოზიციური ფლანგისთვისაც დიდი დანაკლისია,თუმცა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პარტია და ჩვენი ოპოზიციური სპექტრიც მდიდარია ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გააგრძელონ და უფრო მეტი ენერგია და ახალი მუხტი შემოიტანონ იმ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ვაშაძის პარტიიდან წასვლა მოულოდნელი იყო.

„ვერ გეტყვით, რომ ეს იყო სასიამოვნო ან მოსალოდნელი პრეცედენტი. ეს ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ბატონმა გრიგოლმა ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ მისი შესაძლებლობები ამოწურული იყო ამ ფლანგზე ან ვერ მოახერხა მისი იდეების და სტრატეგიის განხორციელება, როგორც ადამიანმა და როგორც პარტიის თავმჯდომარემ. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ“, - განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესს, კირკიტაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად აქვთ მოქალაქეებს საშუალება, რომ პარტიის თავმჯდომარე ელექტრონულად აირჩიონ.

„საქართველოს ისტორიაში პირველად პარტიის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ელექტრონულად აირჩევენ და მათ არჩევანს ყრილობა იურიდიულად გააფორმებს. პარტიის პოლიტსაბჭოზე, სადაც ყველას შეეძლო დაესახელებინა საკუთარი კანდიდატურა, გამარჯვებული - პირველ-მეორე ადგილზე გასული ადამიანები საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანეთ და ვუთხარით, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ყველას შეუძლია გაწევრიანება. ეს ჯგუფი არის ღია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იქნება ადამიანი თუ არა, არ ვზღუდავთ ამას. ვისაც აინტერესებს ეს პროცესი და დაინტერესებულია, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ყველას აქვს საშუალება შევიდეს და ხმა მისცეს. ასევე, სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომ ვერ მოხდეს კიბერშეტევა ან ტროლებისა და ბოტების მანიპულირება“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მისივე თქმით, ახალი თავმჯდომარე ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს არ აირჩევს არც 200, არც 500 და არც 1000 დელეგატი. მას აირჩევს ასიათასობით ჩვენი ამომრჩეველი. 25 დეკემბერს 20:00 საათზე მორჩება კენჭისყრა, 27 დეკემბერს ყრილობა გაიმართება და ყრილობა გააფორმებს სოციალურ ქსელში მიღებულ შედეგებს“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, 20 დეკემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო