დავით ზალკალიანმა პარლამენტში საგარეო უწყების მიერ მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და საგარეო უწყების მიერ მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.

ზალკალიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთელი დიპლომატიური სისტემა და შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში. მისივე თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე და მოუწოდებს მოსკოვს, საოკუპაციო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.

„ჩვენი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, წლის განმავლობაში მიღებული იქნა არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი - რეზოლუციები, დეკლარაციები, განცხადებები, ანგარიშები, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოსადმი ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად გამოყო ისეთი დოკუმენტების მნიშვნელობა როგორიცაა: გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომლის თანასპონსორობას 54 ქვეყანა შეურთდა, ხოლო რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა სახელმწიფომ; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც პირველდ 2012 წლის შემდეგ გავიდა; გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში - საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში, სადაც პირდაპირაა ხაზგასმული რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები - „კონფლიქტი საქართველოში"; ეუთოს-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნების (ე.წ. ხუთეულის) განცხადება, სადაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად აისახა საქართველოს კონფლიქტის თემა და ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას; ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები; აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი; აშშ-ის ასიგნებების აქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ზომაა საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების საქმეში; აშშ-ს ადამიანის უფლებათა ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით არსებული რთული ვითარება; გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში პირველად იქნა დამკვიდრებული ტერმინი „ოკუპაცია" და 2012 წლამდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო სტრუქტურაში იყო აღნიშნული ტერმინი დანერგილი, ხოლო დღეს ტერმინის „ოკუპაცია" ყველგან ჟღერს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მათ შორის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მნიშვნელოვან განცხადებებში.

„საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ყველაზე მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებთან და ყველა ერთად უნდა ვიყოთ როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია. არ შეიძლება ჩასაფრებული პოზიციიდან და ნიშნის მოგებით საუბარი. როგორ შეიძლება გიხაროდეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ესა თუ ის დეკლარაცია არ იქნა მიღებული?! ეს ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმატება ან წარუმატებლობა?! ეს ქვეყნის წარმატებაა. როგორც არასდროს გვინდა კონსოლიდაცია! როგორ შეიძლება დღეს, როდესაც ასეთი სერიოზული გამოწვევები არის გარშემო, იგივე რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგეტის ზრდა სამხრეთ კავკასიაში, ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების გატაცება, მკვლელობა... ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ის ადგილი, სადაც თუკი რამეს არ ვაკეთებთ, სწორად უნდა იყოს ამაზე საუბარი. ოღონდ უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა და არ მივიღებთ არაობიექტურ კრტიკას", - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში.

ზალკალიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დეოკუპაციის საკითხში გადამწყვეტი იქნება საღი აზრი და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

„რას ვეუბნებით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ აქ ერთმანეთთან დაპირისპირებით, პოლიტიკური მანიპულაციებით, რაღაც პოლიტიკური ინტერესების გამო ჩვენ ყურადღებას ვადუნებთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვებებზე, როგორიც არის დეოკუპაცია", - განაცხადა მან.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო უწყება განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას კუთხით საერთაშორისო თანამაგებრობის მობილიზირებას, ასევე გარძელდება აქტიური მუშაობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში პასუხისმგებელ პირებს მოეკითხოთ პასუხი და თავიდან იქნას აცილებული დაუსჯელობის სინდრომის გაბატონება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, ასევე, საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომ კონსოლიდაციას, რაც დიპლომატიური მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო