მიხეილ ჩხენკელი - მინდა, მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის,  ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის.

„მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო პედაგოგებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ასევე ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ტრენინგი „დისტანციური სწავლება MICROSOFT-ის სერვისების გამოყენებით“ 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა. 2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა,“ - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

„იცვლება სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს მოჰყვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე, 2021 წელს დაგეგმილია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა დიასპორის წარმომადგენლებისათვის,“ - განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სკოლებში თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმის – “MINECRAFT EDUCATION EDITION”-ის დანერგვაზე, რომლის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასების 1500-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, უკვე დასრულდა გრიფირების პროცესი VIII კლასის სახელმძღვანელოებისთვის, IX კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მუშავდება „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის“ დოკუმენტი და 2021 წელს იგეგმება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ელექტრონული რესურსების შემუშავება/დანერგვა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლის ეფექტიანი მართვის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტი შეიმუშავა და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვაზე.

რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა. ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც დისტანციურ, ასევე, არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, მისი თქმით, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლიდან მანდატურის სამსახური დაიწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატების პროცესსაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა