"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „მასკარადს“ უწოდებს მინისტრობის კანდიდატების მოსმენას იმ პირობებში, როცა პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები იმყოფებიან.
როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ხელისუფლებას ამ მასკარადზე პასუხისგება მოუწევს.
მან პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „დაწერილი კითხვები ისმოდა, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს“.
„გაყალბებული არჩევნების შემდეგ ისეთი შედეგები დაიწერეს, რომლითაც აღმოჩდა, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ამ გაყალბებას არ ეგუება ოპოზიცია, ამიტომაც არ ვართ პარლამენტში. რაც შეეხება ფარსს, რომელიც იქ მიმდინარეობს, როდესაც წინასწარ ნაწილდება ხოლმე კითხვები, ადამიანებმა იციან რა დოზით, რა ტონით, როგორი კითხვა უნდა დასვან ისე, რომ მინისტრს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, ეს დემოკრატიასთან არავითარ შემხებლობაში არ არის. წინასწარ დაწერილი კითხვები იყო, მათ შორის წინასწარი დათქმებით, „უკაცრავად, ეს ცოტათი კრიტიკულია და მომავალში უფრო კრიტიკული ვიქნები“. არცერთი პრობლემატური კითხვა, მათ შორის კორუფციის საკითხზე, იუსტიციის სამინისტროდან გაგდებულ ადამიანებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, არ დასმულა. ისმება მარტო ე.წ. კრიტიკული კითხვები, რომელზეც მინისტრებს „კომფორტული პასუხები“ გააჩნიათ“, - განაცხადა კაპანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არყოფნაზე გული არ წყდება, რადგან მიაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ხალხის ნებას არ გამოხატავს.
„მაშინ, როცა ხელისუფლება არჩევნებს აგებს, მერე შედეგს იწერს და ხელისუფლებაში ჯდება, იქ ოპოზიცია არ უნდა იყოს, რომ ეს არ „გაუპრავოს“. დარწმუნებული ვარ, რომ არც არავინ იქნება. იმ ერთ-ორ ადამიანს, რომლებმაც შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და ამბობენ, რომ იქნებიან, ვნახოთ რამდენად ეყოფათ გამბედაობა, რომ ეს აზრი სისრულეში მოიყვანონ და პარლამენტში შევიდნენ“, - აღნიშნა კაპანაძემ.
ამასთან, კაპანაძის აზრით, პარლამენტში მარტო დარჩენით არც „ქართული ოცნების“ წევრები უნდა იყვნენ კმაყოფილი.
„კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ახალი არჩევნების ირგვლივ რაღაცაზე შეთანხმებაა. ჩვენ პარლამენტში არ შევედით, გაფორმდა ეგ ამბავი, დამთავრებული საკითხია! ახლა ხელისუფლებას ამ მასკარადზე პასუხისგება მოუწევს და თანმდევ პრობლემებზე, რომელსაც ვერ აგვარებს. ნებისმიერ დიქტატორულ ქვეყანაში რაღაც მეჯლისები და შეხვედრები იმართება ხოლმე. პარლამენტი შედგა? ადამიანები, რომ მიდიან, მანქანები რომ ჰყავთ, ჰალსტუხები რომ უკეთიათ და „კნოპკას“ ხელს, რომ აჭერენ ეგ ხომ არაა შედგომა?! რა ფუნქციას ახორციელებს პარლამენტი?! ზედამხედველობის ფუნქციას ახორციელებს?! ეს პარლამენტი, ამ მინისტრებზე ზედამხედველობას მოახდენს?! რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს. ეს პარლამენტი კონტროლის ფუნქციას განახორციელებს?! ან მთავრობის საქმიანობას კრიტიკულად მიუდგება? რა თქმა უნდა, არა. მჯერა იმის, რომ ყველაზე უგუნურ და ძალაუფლებაზე შეყვარებულ ადამიანებიც კი, რაღაც ეტაპზე ხილვა აქვთ და მოეგებიან ხოლმე გონს, იმედი მაქვს, ახლაც ასე მოხდება. მე ერთი ვიცი, ეს არ დასრულდება სანამ, ივანიშვილი არ ეტყვის ამ ხალხს, კონკრეტული დათმობა გააკეთონ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, მათ სიამოვნებთ. ერთდღიანი კომფორტი, როცა მიდიხარ და არავინ კრიტიკულ აზრს არ გამოთქვამს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი-ორი დღის შემდეგ ისევ კომფორტად რჩება. მართლაც ძალიან მძიმე საყურებელია, რაც იქ ხდება - არცერთი კრიტიკული კითხვა, ან ხელოვნური კითხვა, წინასწარ მომზადებული პასუხებით. თუ ჰქონიათ, რომ არ რეჟიმში დიდხანს „გაქაჩავენ“, ძალიან სამწუხაროა. უბრალოდ, არ მჯერა, რომ ამ რეჟიმში დიდხანს „გაქაჩონ“. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის აბსურდულობას ხვდებიან. სხვათაშორის რამდენიმე მათგანმა ღიად თქვა კიდეც“, - განაცხადა კაპანაძემ.