ჰანს კლუგე პატრიარქს - მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო წარმატება, რომელსაც საქართველოს ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად

მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად , - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციაში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, მისმა უწმინდესობამ ჰანს კლუგესთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის წიმააღმდეგ ბრძოლაში რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნებს შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს. შესაბამისად, შესაძლებელია ამ ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებითაც რეგიონული ცენტრის, წამყვანი ქვეყნის როლი შეასრულოს“.

კლუგემ მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისათვის და განსაკუთრებულად აღნიშნა პატრიარქის როლი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიულ რეალობაში.

„ჩემი აქ ყოფნა აღიარებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება ბრძანდებით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოსთვის... ვფიქრობ, რომ თქვენი უწმინდესობის ხმა ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოახლოებული დღესასწაულების დროს თავიდან ავიცილოთ სიტუაციის გაუარესება“, – დასძინა კლუგემ.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ჰანს კლუგემ საგანგებო მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაზაფხულზე, ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, ვირუსთან საბრძოლველად გატარებული ღონისძიებებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისათვის:

„საქართველო ძალიან წარმატებული იყო ვირუსთან ბრძოლაში გაზაფხულზე, ფაქტობრივად, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა. მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეგიონული ოფისის საქმიანობას.

„აღნიშნული ორგანიზაცია რეგიონში 10 ქვეყანას ფარავს. თავდაპირველად ამ ცენტრების მთავარი ოფისის ევროპიდან აფრიკაში გადატანა იგეგმებოდა, მაგრამ პირადად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით ის საქართველოში გაიხსნა.

აქვე ითქვა, რომ კარგი იქნება, ეს ორგანიზაცია იქცეს ბაზად, სადაც მაქსიმალურად მოხდება ყველანაირი ძალისხმევის კონცენტრაცია ვირუსთან საბრძოლველად“,-აღნიშნავენ საპატრიარქოში.

ამასთან, როგორც ჰანს კლუგე დასძენს, საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვირუსთან ბრძოლის უკეთ წარმართვაა.

„ჩემი ჩამოსვლის მიზანია, ვიმუშაო ქართველ სპეციალისტებთან ვირუსთან ბრძოლის უკეთ წარსამართავად. შევხვდი ჯანდაცვის მუშაკებს. აღსანიშნავია მათი გმირობა და პროფესიონალიზმი. ჩვენ უნდა დავარწუნოთ საზოგადოება, რომ დაიცვან ის პირობები, რომლებიც აუცილებელია საყოველთაო ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ ავადობა მცირდება და ეს ყველაფერი არის მკაცრი ზომების შედეგი. რა თქმა უნდა, ხალხისთვის ეს ძალიან რთულია. სწორედ დღეს ვესაუბრე თქვენს პრემიერ-მინისტრს, რომ თუ გადაწყდება „ქვეყნის გახსნა“, ეს უნდა მოხდეს ძალიან ნელა და ეტაპობრივად, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ძალიან მოსწონს თავყრილობები“, – დასძინა ჰანს კლუგემ.

როგორც საპატრიარქოში დასძენენ, შეხვედრაზე დაისვა კითხვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებაც. ჰანს კლუგეს თქმით კი, საქართველოში ბევრი ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ.

„ასეთი პანდემიები, საერთოდ, ორწლიანია. ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. თუმცა უკვე გვაქვს ვაქცინა და მისი გამოყენება ყველას შეუძლია. რაც შეეხება რეკომენდაციას, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობით. ჩვენ ვხედავთ და ძალიან გვახარებს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, მაგრამ სანამ სიტუაცია შეიცვლება, არსებობს არაძვირადღირებული ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება პანდემიის შეკავებაში, ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის ტარება და ა.შ. ჩემი პრინციპი ასეთია: ის ადამიანები, რომლებიც არ იცავენ პრევენციის რეკომენდაციებს, არ უნდა გავკიცხოთ, პირიქით, უნდა შევეცადოთ, ვესაუბროთ, მივაღწიოთ მათ ჩართულობას და დავარწმუნოთ, რომ მათი როლი ამ ვირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კლუგემ.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შეხვედრის მიწურულს უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმარს დაუსვა კითხვა, რამდენად შესაძლებელია ვირუსის შედეგად საზოგადოებაში განვითარებული მძიმე ფსიქო-ფიზიკური ფონის განსამუხატავად და პაციენტების განსაკურნებლად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადებითი წვლილის შესატანად მუსიკალური თერაპიის გამოყენება, რაზეც ჰანს კლუგემ განაცხადა: „ეს, მართლაც, ზუსტი და შესანიშნავი კითხვაა, რადგან ჩვენ ზოგადად ვიკვლევთ ამ საკითხს. უშუალოდ ამ ვირუსთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს წინადადებას და ვცდით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა