სერგი კაპანაძე - როდესაც ქვეყანაში დიქტატურა შედგება, რაღაც მასობრივი პრობლემით მთავრდება, რომელიც შეიძლება რევოლუციური იყოს - ეს არ გვინდა, მოხდეს და გვსურს გამოსავალი ვიპოვოთ მოლაპარაკებების გზით

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განმარტებით, ოპოზიციას რევოლუციური სცენარი არ სურს, ამიტომაც ცდილობს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება, ის მასობრივი პრობლემით მთავრდება, რომელიც შეიძლება რევოლუციური იყოს ან საპროტესტო გამოსვლებით შემოიფარგლოს.

„ეს არ გვინდა, რომ მოხდეს, ამიტომ გვსურს გამოსავალი ვიპოვოთ მოლაპარაკებების, დემოკრატიული არჩევნების გზით და არა ამ გზით. ეს ჩვენ კი არ გვინდა, უბრალოდ, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანაში დიქტატურა შედგება, ის ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ან მერე, გვინდა თუ არა გვინდა, რაღაც მასობრივი პრობლემით მთავრდება, რომელიც შეიძლება რევოლუციური იყოს, შეიძლება გამოსვლებიც“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმები კანონგარეშე ქმედებებს არ გულისხმობს. სერგი კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლება დიდი ხანია ოპოზიციას ამბოხებასა და რევოლუციას აბრალებს.

მან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკის განცხადება შეაფასა, რომლის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ტერორისტულ აქტებზეც კი არიან წამსვლელები“. სერგი კაპანაძემ გია ვოლსკის განცხადებას „ბოდვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის „სიგიჟეებშია გადასული“.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ნამუსგარეცხილი და ნაძირალაა, რომელიც მზად არის, პოლიტიკურ ოპონენტს ყველაფერი დააბრალოს. ეს სიტყვები შემიძლია მას პირშიც ვუთხრა, როცა ის პოლიტიკურ ოპონენტს ტერორისტობას აბრალებს. რას ვიზამთ, ასე ხდება ხოლმე ძალაუფლებით დათრობა, როცა თავში აუვარდება, როცა იცის, რომ არავისთან ანგარიშვალდებული არ არის და თავისი პროპაგანდის აურით არიან გარშემორტყმულები, მერე იწყებენ საუბარს ნებისმიერ სისულელეზე, მათ შორის მეორე მისმა კოლეგამ (ირაკლი კობახიძემ) თქვა, რომ თურმე „ევროპულმა საქართველომ“ ჩამოიყვანა და დაგეგმა „გავრილოვის“ ამბავი. ჩვეულებრივი ნაძირლები არიან, ვინც ამას ამბობენ“,-განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ გზით „პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ცდილობს“.

„ასე თუ აყენებს ხელისუფლება საკითხს-ან ფინანსების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია ან ოპოზიცია, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს აღიარებს, რა თქმა უნდა, არჩევანი პირველია და არა მეორე. ის, რომ მათ აქვთ ინსტინქტი და მცდელობა, პოლიტიკური ველი მოასუფთაონ, სხვა პარტიებს ფინანსები არ ჰქონდეთ და მარტო იყვენ პოლიტიკურ სპექტრში, დიქტატურა ეგ არის, სხვა კი არაფერი. სხვათაშორის ბევრი ადამიანი ამას ხედავს“,-განაცხადა კაპანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა პარტიის გეგმებზეც ისაუბრა და ახალი წლის შემდეგ აქციებიც დააანონსა.

„ჩვენ ახალი წლების შემდეგ, ძალიან აქტიური კამპანია გვექნება. ეს ორიენტირებული იქნება ამომრჩევლის მობილიზებაზე, საზოგადოების მობილიზაცია რასაც ჰქვია. ეს არის ერთი მიმართულება. ასევე, აქტიური იქნება კარდაკარი, სოციალური მედიის კამპანია და ა. შ. სხვადახვა მიზნები იქნება, მათ შორის აქციები, მზადება მომავალი არჩევნებისთვის, იქნება ეს საპარლამენტო თუ სხვა არჩევნები და ზოგადად, მობილიზაცია კონკრეტული იდეის ირგვლივ. ამ იდეებზე შევთანხმდებით, კონკრეტული მონახაზები არსებობს. მეორე მიმართულება არის ხელისუფლების „მხილების კამპანია“. გაცილებით უფრო რადიკალურად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა და მესამე, ჩვენი ყოველდღიური აქტივობები, რომელიც აქამდეც გრძელდებოდა. ამიტომ, ვინმეს თუ ის განცდა აქვს, პარლამენტში რომ არ შეხვედით, ახლა სტრატეგია არ გაქვთ, საპარლამენტო ტრიბუნის გარდა, ყველა დანარჩენს გამოვიყენებთ, მათ შორის ბევრი ინოვაციური იდეაც გვექნება, ჩვენი გზავნილები, როგორ მივიტანოთ საზოგადოებამდე“,-განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს