გიორგი გახარია - ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში იქნება შეზღუდული

ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში იქნება შეზღუდული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაცია საქართველოსთვის ძირითადი გამოწვევაა.

"ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება, ამიტომ ჩვენთვის, მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ნომერ პირველი ამოცანა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჩვენმა დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და დღესაც საქართველოს ოკუპაცია, საერთაშორისო დონეზე, ჩვენს პარტნიორ დედაქალაქებში ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული და ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს შეზღუდვა მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოვუხსნათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გახარიას თქმით, ამ მიმართულებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-თან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკა და დემოკრატიზაცია.

„ეს არის ის მიმართულებები, სადაც ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ფასეულობების დონეზე თანხვედრას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ განცხადებების დონეზე იყოს კიდევ უფრო თვალსაჩინო და ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტული შედეგების მომტანი გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, პირველ რიგში ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე