გიორგი გახარია - როცა ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს

მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგში მოვიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მილიარდი ლარი შეადგინა და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს.

„პირველ რიგში, ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

„ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო