მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან, -აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპულ უმაღლეს განათლების სისტემასთან ინტეგრირება ევროკავშირთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება უნდა იყოს.
„უმაღლეს განათლებაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან. ეს მოგვცემს პირველ რიგში, რესურსების ეკონომიის, ასევე სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.
ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. უმაღლესი განათლების ინტეგრირება უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება და სფერო ევროკავშირთან მოლაპარაკებების, იმისთვის, რომ ეს საგანმანათლებლო სივრცე მაქსიმალურად გავხსნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც პირიქით.
ასევე, ინტეგრირების საშუალებით მოვახდინოთ სტანდარტების სწრაფად დაახლოება. ყველას კარგად გვესმის, რომ უმაღლესი განათლების სისტემა უკიდურესად ძვირი განზომილებაა, რომელსაც სჭირდება წლები, იმისთვის, რომ სტანდარტებმა აუცილებელი პირობები დააკმაყოფილოს",-განაცხადა გახარიამ.