„საქსტატმა“ ახალი პორტალის - „სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პორტალის -„სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინტერნეტ პორტალი უწყებამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა, რომლის მიზანია სტატისტიკურ მონაცემთა წარმოება და გავრცელება ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ახალი პორტალი საშუალებას მისცემს ბავშვებს და მოზარდებს, თანამედროვე ვიზუალური საშუალებებით მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.

„პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებს და მოზარდებს გაიღრმავონ ცოდნა სტატისტიკის სფეროში, გაიუმჯობესონ ინფორმაციის სწორად აღქმისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ბავშვთა უფლებების შესახებ და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

„ახალი პორტალის მთავარი მიზანი გახლავთ ბავშვის უფლებების ახალი კოდექსის პოპულარიზაცია და ბავშვების ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდი სიამოვნებით განაგრძობს ძალიან მჭიდრო პარტნიორობას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, და მადლობას ვუხდით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ პორტალი დიდ ინტერესს გამოიწვევს ბავშვებში და ისინი ხშირად გამოიყენებენ აქ მოპოვებულ ინფორმაციას სწავლის, საშინაო დავალების შესრულების ან სხვადასხვა თემატურ პროექტებზე მუშაობისთვის. პორტალი ასევე განავითარებს ბავშვების უნარს ინფორმაციის სწორად აღქმაში და გააუმჯობესებს მათ ანალიტიკურ და ლოგიკურ უნარებს”, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ახალი პორტალი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი - „სტატისტიკა ბავშვებისთვის“ - განკუთვნილია 8-დან 12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ამ ნაწილში წარმოდგენილი თემები მორგებულია შესაბამის სამიზნე აუდიტორიაზე, მოიცავს სახალისო შეკითხვებს სხვადასხვა კატეგორიებიდან, როგორიცაა: დემოგრაფია, განათლება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. პორტალი ასევე აერთიანებს, საინტერესო ფაქტებს საქართველოს რეგიონების შესახებ.

ინფორმაციის უკეთ აღქმისთვის გამოყენებულია ვიზუალიზაციის მრავალფეროვანი საშუალებები, როგორიცაა - ინფოგრაფიკები, ანიმაციები, ვიდეო გრაფიკა და ინტერაქტიული დიაგრამები.

ამავე ნაწილში, მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს საინტერესო სტატისტიკურ ფაქტებს, შეავსოს თემატური ქვიზები და მიიღოს სერტიფიკატი.

მეორე ნაწილი - „სტატისტიკა მოზარდებისთვის“ განკუთვნილია 13-დან 19 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, სადაც წარმოდგენილია საინტერესო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის შესახებ. აღნიშნული ნაწილის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ამოხსნას შემეცნებითი ქვიზი და გაეცნოს სახალისო სტატისტიკურ ფაქტებს.

„პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით „საქსტატმა“ ასევე მოამზადა პუბლიკაცია “ბავშვები და მოზარდები საქართველოში”, რომელიც მოიცავს 2015-2019 წლების მონაცემებს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ცხოვრების დონის, დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის, სამართალდარღვევების, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების შესახებ.

პუბლიკაციაში ასევე წარმოდგენილია მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS) შედეგები, რომელიც "საქსტატმა" ჩაატარა 2018-2019 წლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ახალი პორტალი ხელმისაწვდომია „საქსტატის“ ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://juniors.geostat.ge/ “,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა