ირაკლი კობახიძე - პარტიებს აქვთ საკმარისი დრო, ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს კონსტიტუცია

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ ისინი საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან, დაფინანსების წესთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების და დეპუტატების წახალისებას, რომ უარი თქვან საპარლამენტო საბოტაჟზე, თუმცა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ შემოატრიალონ ეს ყველაფერი და წახალისებას დაარქვან მუქარა და შანტაჟი.

„პირველი მოსმენის ფარგლებში შერბილებულია ეს პაკეტი, თუმცა, ჩვენ დაველოდებით ვენეციის და/ან ოდირის სამართლებრივ შეფასებას. მიზანი რჩება იგივე - საბოტაჟის პრევენცია, ამას არ აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, ეს არის გათვლილი გრძელვადიან მოქმედებაზე, შეიძლება დადგეს იგივე საკითხი დღის წესრიგში და ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს თავისი მკაფიო პასუხი,“- განაცხადა კობახიძემ.

არის თუ არა ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გადაგზავნა დამატებით დროის მიცემა ოპოზიციისთვის, კობახიძე ამბობს, რომ „დრო ოპოზიციას ისეც და ასეც ძალიან ბევრი აქვს.“ ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ასევე ქვეყნის შიგნით დაინტერესებულ მხარეებთან განიხილონ კანონპროექტი.

„იმ პაკეტის მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით მივიღეთ, ოპოზიციას ისედაც რჩებოდა რამდენიმე თვე, რომ საბოლოო ჯამში ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია საბოტაჟთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ აპრილის თვეში იტყოდა ოპოზიცია უარს საბოტაჟზე, მის მიმართ არ იმოქმედებდა არც დაფინანსების კუთხით რეგულაციები და არც უფასო საეთერო დროის კუთხით რეგულაციები ანუ ასეც და ისეც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, ირჩევენ ისინი საბოტაჟის გზას თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს მათ საქართველოს კონსტიტუცია.

ჩვენ გვექნება სამართლებრივი დისკუსია ყველასთან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან. ასევე, მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნითაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვებთან გვქონდეს სამართლებრივი და გნებავთ პოლიტიკური კუთხით დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პლუსები და მინუსები აქვს ამ პაკეტს და ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. სამართლებრივი დისკუსიისთვის მზად ვართ ყველასთან. თქვენ ხედავთ, რომ როგორც არჩევნების გადამოწმებასთან დაკავშირებით ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის და ყოველ ჯერზე საპასუხოდ ვიღებთ დუმილს. ეს არის სამწუხარო ტენდენცია ბოლო თვეების და აჩვენებს იმას, თუ რა მოტივაცია ამოძრავებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დაფინანსების წესთან დაკავშრებული კანონპროექტი დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს