გიგა ბოკერია - „კარტოგრაფების საქმე“ საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის გაკეთდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, „კარტოგრაფების საქმე“ ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი, სამარცხვინოა, რადგან პოლიტიკასთან შეხებაში არმყოფი, ორი უდანაშაულო ადამიანი შესწირეს საქმეს.

ბოკერიას თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებისთვის გაკეთდა.

”მთლიანად „კარტოგრაფების საქმე“, ივანიშვილის რეჟიმის უდაბლესი და სამარცხვინო სტანდარტებითაც კი, გამორჩეულად სამარცხვინოა, რადგან ორი ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი საქმეზე, სადაც ფორმალურად დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. თვითონ ფაქტი არ არსებობს, რაზეც პროპაგანდას აწარმოებენ, საქართველო და აზერბაიჯანი ვერ შეთანხმდნენ დავით-გარეჯის იმ მონაკვეთზე, სადაც დავა არის წლებია საზღვარზე სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ჰქონდა მყარი პოზიცია და სამწუხაროდ, აზერბაიჯანს დღემდე არ აქვს შეცვლილი ეს პოზიცია იმ მონაკვეთთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ ხალხს აბრალებენ იმას, რაც არ მომხდარა. ყველამ იცის, რომ ეს საარჩევნო კამპანიაში და ზოგადად, ოპონენტების დემონიზებისათვის გაკეთდა. ამას შესწირეს ორი, აბსოლუტურად უდანაშაულო, პოლიტიკასთან შეხებაში არმყოფი ადამიანი. სამარცხვინო ამბავია!“ - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით-გარეჯთან მიმართებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა