გოჩა თედორაძე - პარლამენტში ერთი ან თუნდაც 5-6 კაცის  შესვლა, მას ფუნქციასა და ლეგიტიმაციას ვერ შესძენს - დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი

ერთი ან თუნდაც 5-6 კაცის პარლამენტში შესვლა მას ფუნქციას და ლეგიტიმაციას ვერ შესძენს , - ასე შეაფასა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გოჩა თევდორაძემ თავისი კოლეგის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტში შესვლას გეგმავს.

როგორც გოჩა თევდორაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, მისთვის ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ის საკუთარ არჩევანში თავისუფალი იყო.

„ჩვენ პარტიის სამმა წევრმა მივმართეთ საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ავთანდილ ენუქიძეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ, მოსალოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს პარლამენტში შესვლას. დღემდე ის არცერთ სხდომაზე არ ყოფილა. ამიტომ, შევა თუ არ შევა, კიდევ სხვა თემაა. ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი იყო. ის პარტიის წევრი არ გახლავთ. ამიტომ ამ არჩევანში თავისუფალი იყო. ერთი ან თუნდაც 5-6 კაცის პარლამენტში შესვლა მას ფუნქციას და ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. თავისთავად ცხადია, დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი“, - განაცხადა თევდორაძემ.

მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო პერიოდში და ახლაც დამოუკიდებლად მოქმედებს, ასევე დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილებებში.

ამასთან, გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობის ლიდერი, „ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის და პოლიტიკურ ველზე შენარჩუნების მომხრეა“.

„პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო პერიოდშიც დამოუკიდებლად ვმოქმედებდით, დამოუკიდებელი ვიყავით ხმის დათვლის პროცესშიც. დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმა გვაქვს დღესაც. ჩვენი დამოკიდებულება ყველამ იცის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიმართ. ჩვენ პარლამენტში ორჯერ შევიტანეთ რეზოლუციის პროექტი, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცათ წინა ხელისუფლების მოღვაწეობისთვის. სწორედ კობახიძის და მისი თანამოაზრეების მიერ არ იქნა გაზიარებული ეს რეზოლუციის პროექტი. დღეს, როდესაც კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს, ღიმილისმომგვრელად ჩანს, რადგან თავად არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის და პოლიტიკურ ველზე შენარჩუნების მომხრე. ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. დამოუკიდებელია ის, რომ არ ვართ იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, როლებიც ნათელაშვილის, „ლელოს“ და სხვა პარტიების ოფისში იკრიბებიან და გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. ჩვენს გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები ვართ“, - განაცხადა თევდორაძემ.

მან აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და პლებისციტის ჩატარებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პლებისციტს და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არ შეიძლება ამ გაყალბებული არჩევნების მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ამ პოზიციაზე მყარად ვდგავართ“, - განაცხადა თევდორაძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ენუქიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა