მამუკა არეშიძის განცხადებით, კავკასიური პლატფორმის შექმნაში საქართველოსთვის ხიფათი არის, „თუმცა სასიკეთოც შეიძლება აღმოჩნდეს“

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, კავკასიური პლატფორმის შექმნაში საქართველოსთვის ხიფათი არის, თუმცა სასიკეთოც შეიძლება აღმოჩნდეს. როგორც არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს შანსი ეძლევა, სერიოზული საერთაშორისო ფორმატის მონაწილე იყოს.

ამასთან, ექსპერტის შეფასებით, აღნიშნულ ფორმატში საქართველო თავდაპირველად შესაძლებელია დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს და ასევე, იყოს დასავლური ინტერესების წარმომადგენელი.

„ეს ინიციატივა ახალი არ არის - პირველად ერდოღანმა გააჟღერა 2008 წელს, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო. როდესაც პირველი და ბოლო ყუმბარა ჩამოვარდა აჭარაში, მაშინ გავარდა ერდოღანი მოსკოვში და ეს წინადადება ჩაიტანა, ოღონდ მაშინ 5 სუბიექტი იყო, სომხეთის გარეშე. ახლა თავიდან წამოაყენა ეს წინადადება.

უნდა მივხვდეთ, რომ წინადადების მიზანია თურქეთის დაბრუნება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში. ეს სერიოზული გამოწვევაა და მთლიანად ეს წინადადება გარკვეული ხიფათის შემცველი არის, მაგრამ აქ მარტო რუსეთის ფაქტორში არ არის საქმე, აქ საქმე არის ფორმატის დისტანცირება მთლიანად დანარჩენი გეოპოლიტიკური მოკავშირეებისგან - დასავლეთისგან, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ა.შ. რაც შეეხება საფრთხეებს, საფრთხეების ხარისხი მაღალია, თუმცა თუ ჩვენ არ ვისწავლეთ ასეთი ტიპის საფრთხეების ანალიზი და შემდეგ საჩვენო საყრდენის პოვნა, ვიქნებით მუდამ სხვის პოლიტიკაზე დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს წინადადება უნდა მივიღოთ საყურადღებოდ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან სერიოზული ანალიზი უნდა ჩატარდეს, რა შეიძლება იყოს დადებითი და რა - უარყოფითი, რა შეიძლება მოგვიტანოს და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ. მაგალითად, პირველ ეტაპზე საქართველო შესაძლებელია დამკვირვებლის სტატუსით მოხვდეს ამ ჯგუფში. ასევე, არაა გამორიცხული, რომ ისეთი სქემა შევქმნათ, რომ ჩვენ ვიყოთ ერთგვარი წარმომადგენელი დასავლური ინტერესებისა ამ ფორმატში. მითუმეტეს თურქეთი ახლა მაქსიმალურად დისტანცირებულია დასავლელი პარტნიორებისგან. ასე რომ, ვარიანტები არსებობს. ხიფათიც არის, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სასიკეთოც იყოს ჩვენთვის ამ წინადადებაში. პატარა, მაგრამ სერიოზული შანსი გვეძლევა იმისთვის, რომ ვიყოთ სერიოზული საერთაშორისო ფორმატის მონაწილეები. რას მოგვიტანს ეს, მეორე საკითხია. თუ არ გავიაზრეთ, თუ არ გვექნა საკუთარი ინიციატივები, თუ საკუთარი პოლიტიკური დრამატურგია არ შევქმენით, სულ ასე, სხვისი ხელის შემყურე ვიქნებით“,- განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა. ამავე კონფერენციაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი.

„მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის!.. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო