ვანო მაჭავარიანი - საქართველოს პერსპექტივა ევროატლანტიკურია და ვიწრო, კავკასიურ ჭრილში გამოკეტვა ქვეყნის განვითარებასა და დამოუკიდებლობას ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივა ევროატლანტიკურია და ასე ვიწრო, კავკასიურ ჭრილში საქართველოს გამოკეტვა ქვეყნის განვითარებასა და დამოუკიდებლობას ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ამის შესახებ მაჭავარიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, სადაც "კავკასიური პლატფორმის” ინიციატივა შეაფასა.

მისივე თქმით, რუსეთს, ირანსა და თურქეთს სურს, კავკასიის ქვეყნები გავლენის სფეროებად გადაინაწილონ და შავ ზღვაზე ახალი რკინის ფარდა ჩამოაფარონ.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მთავარი საკითხია - ვინ იქნება დომინანტი ძალა შავიზღვის რეგიონში, შეიცველება თუ არა სტატუს-კვო და ვინ იქნება გადაწყვეტილებების მიმღები.

"ეს ინიციატივა ძალიან რეგიონალურია. ამის აღწერაა, რომ შევიდეს ინიციატივაში - რუსეთი, ირანი, თურქეთი და კავკასიის ქვეყნები. რაღაც გავლენის სფეროებად უნდათ გადაინაწილონ, თუ რა უნდა მოხდეს გეოპოლიტიკურად რეგიონში. ამ ინიციატივის არსი ესაა. ამის მცდელობა არაერთხელ ყოფილა, ფაქტია, რომ ძალიან ვიწრო, რეგიონალურ ჭრილში უნდათ იყოს განხილული ეს ყველაფრი. მთავარი საკითხია, ამ ყველაფრის უკან დგას შავი ზღვის რეგიონი. ანუ ვინ იქნება დომინანტი ძალა შავი ზღვის რეგიონში, შეიცველება თუ არა სტატუს-კვო, ვინ იქნება გადაწყვეტილებების მიმღები. ყარაბაღის პრეცენდენტმა, რაღაც გარკვეული მუხტი მისცა გადალაგებას რეგიონში, სადაც რეგიონალური დომინანტი ძალები ერთმანეთთან თანხმდებიან და ფაქტიურად, ადგილი აქვს შტატებისთვის და დასავლეთისთვის იზღუდება და ნულამდე დადის. აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რაც უკვე წლებია ეს ტენდენცია მიდის - შავ ზღვაზე ახალი რკინის ფარდა ჩამოიკიდოს, სადაც ერთი მხრივაა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და რუსეთი, რომელიც თურქეთთან გარკვეული შეთანხმებით თავის გავლენის სფეროს კავკასიაში იმკვიდრებს. საქართველოს პერსპექტივა, რა თქმა უნდა, უფრო ევროატლანტიკურია და ასე ვიწრო, კავკასიურ ჭრილში საქართველოს გამოკეტვა, ფაქტიურად, საქართველოს განვითარებას, დამოუკიდებლობას, ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს, თუ ამაში, პირველ რიგში, აშშ არ ჩაერთო", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ბიძინა ივანიშვილისთვის კვერის დაკვრაა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი სალომე არავის არ ელაპარაკება. თავის მოსაზრებებს პერიოდულად, სკანდალურად აჟღერებს. მთავარი მაინც მგონია, ის განწყობები, რომელიც რეგიონის მიმართ აქვს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ივანიშვილისთვის კვერის დაკვრაა. მას ასეთი ხედვა აქვს - ზედმეტი აშშ არაა საჭირო და რუსეთის არგაღიზიანება. მან ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ზედმეტი ამბიციები არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”. პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა.

„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, -აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს