რატი იონათამიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით, იყო მნიშვნელოვანი გზავნილი და მოტივაცია

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედროებთან მიმართებით, უკვე იმპლემენტაციის დონეზე აქვს განხორციელებული უფლებების პარადგიმაზე დაფუძნებული მოდელი - ამ მიდგომების გადატანა გვჭირდება, რათა ეს შეეხოს თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი გზავნილი და მოტივაცია. რატი იონათამიშვილმა სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისივე თქმით, თანაბარი შესაძლებლობების პროცესის სისტემურად განვითარებას ეხება.

„მიმდინარე წელს, გაზაფხულზე, სამი მოსმენით დავამტკიცეთ ახალი კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, ეს კანონი არის საკმაოდ პროგრესული, რომელიც დადებითად შეაფასეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წილი ავტორობით შეიტანა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ მთავრობის თითოეული წევრი იყო აქტიურად ჩართული. ვიცი, რომ ეს კანონი ასეთი პროგრესული არ იქნებოდა, რომ არა თქვენი პირდაპირი დაინტერესება და ამ ინიციატივის გულშემატკივრობა. ამ კანონის განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომელიც უკვე მომდევნო წლიდან უნდა დავიწყოთ, უბრალოდ, მინდა, სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე შევაჩერო ყურადღება, რომლის გატარება იქნება უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სისტემურად განვითარდეს თანაბარი შესაძლებლობების პროცესი და ეს იყოს შეუქცევადი ჩვენს ქვეყანაში. პირველი ეს არის გაეროს კონვენციის ეროვნული მექანიზმის შემუშავება, რომელიც თქვენთან, ადმინისტრაციაში შეიქმნება და ჩემი თხოვნა არის, რომ ამას დიდი ყურადღება დაეთმოს, რომ ეს არ იყოს საკონსულტაციო-სათათბირო მექანიზმი, არამედ კონკრეტული აღსრულებისა და კოორდინაციის ეფექტური ინსტრუმენტებით იყოს აღჭურვილი. მეორე - რასაკვირველია, ფუნდამენტი ეს არის სოციალურ მოდელზე გადასვლა, რადგან თუ ამას ეფექტურად არ განვახორციელებთ, ყველა სხვა რეფორმა იქნება ხარვეზიანი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმარება და თანმიმდევრულობა, ვინაიდან ერთ დღეში ამის განხორციელება, ცხადია, არ შეგვიძლია და მესამე - ეს არის მნიშვნელოვანი ზოგადად სამოქმედო გეგმა შშმ პირთა უფლებების მიმართულებით, რა ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რათა ჩვენ კონკრეტულად ვიცოდეთ რა რესურსი და რა ვადები გვჭირდება იმისთვის, რომ გონივრულად გადავდგათ ნაბიჯები თანაბარი შესაძლებლობებისკენ. ჩემი გამოსვლის ბოლოს, აუცილებლად მინდა შევეხო, ასევე, სამშვიდობო მისიაში დაჭრილ ჯარისკაცებს, რომელზე პასუხისმგებლობაც აქვს აღებული, ცხადია, თავდაცვის სამინისტროს და მე და ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ საინტერესო დისკუსია გვქონდა ამასთან დაკავშირებით, კომიტეტზე. უბრალოდ, რისი თქმა მსურს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედროებთან მიმართებით, ფაქტობრივად, უკვე იმპლემენტაციის დონეზე აქვს განხორციელებული უფლებების პარადგიმაზე დაფუძნებული მოდელი. ანუ, ფაქტობრივად, ის სოციალური მოდელი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომელიც განიხილავს უფლებრივ მდგომაროებას, თანაბარ შესაძლებლობებს და არა დიაგნოზს და ნოზოლოგიებს, თავდაცვის სამინისტროს მოდელზე უკვე წარმატებით არის დანერგილი და განხორციელებული. ამ მიდგომების გადატანა გვჭირდება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ეს მიდგომები შეეხო თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა