ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის

ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტში შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკას აკლია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანას აკლია მწვავე და კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ იქნება მოწოდებული.

„ძალიან მოკლედ მინდა, შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიასა და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე - აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი -ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე - უბრალოდ დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ეს ნახევრად სერიოზულად, სერიოზულად კი, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა