გია ხუხაშვილი - ISFED-მა უხეში შეცდომა დაუშვა, რაც ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკური შეტევისთვის გამოიყენა

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, არჩევნებზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან უხეში შეცდომა იყო დაშვებული, რაზეც ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა აეღო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება ცდილობს, ეს ფაქტი მორიგი შეტევისთვის გამოიყენოს და უკვე „სამოქალაქო სექტორს ძალიან არაკეთილსინდისიერად და არაკორექტულად უტევს“.

„მიმაჩნია, რომ ნამდვილად უხეში შეცდომა იყო დაშვებული, რაზეც ბუნებრივია, ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა აეღო. მე შეთქმულების თეორიას არ განვავითარებდი, თითქოს მომხდარის უკან პოლიტიკა იდგა. არ მგონია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ამაში გარეული იყოს, თუმცა, ისიც მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს ფაქტი მორიგი შეტევისთვის გამოიყენოს, ახლა უკვე სამოქალაქო სექტორზე. ძალიან არაკეთილსინდისიერად და არაკორექტულად უტევენ. სუსტი წერტილი დაინახეს და მეთოდურად ცდილობენ, ამ არგუმენტით მოახდინონ მთლიანად სამოქალქო სექტორის დისკრედიტაცია. ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. სამწუხაროდ, მათი სამიზნე არა მხოლოდ ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორიც არის იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის იმ მმართველობით მანკიერებას, რაც დღეს საქართველოში დამკვიდრდა. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მორალური უპირატესობა მოიპოვოს და რადგან თვითონ ვერ მიდის ამ მიმართულებით აღმავლობისკენ, ცდილობს, ყველას და ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინოს. მანიპულაციისთვის იყენებს ამ საკმაოდ სერიოზულ შეცდომას“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელობა ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხარვეზს, ხუხაშვილის განმარტებით „შეცდომის საჯაროდ აღიარება არავის უყვარს“.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეცდომა არ იყო. უხეში შეცდომა იყო დაშვებული. მერე იყო მცდელობა, რომ მიეფუჩეჩებინათ და ამ შეცდომაზე განსაკუთრებული აქცენტები არ გაეკეთებინათ. ეს ორი შეცდომა ხელისუფლებამ გამოიყენა იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკური შეტევა განეხორციელებინა. ფაქტია, რომ ორგანიზაციას ზიანი მიადგა. რამდენად შეძლებს „სამართლიანი არჩევნები“ რეპუტაციის აღდგენას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ხელისუფლების მთავარი საფიქრებელი ყველას და ყველაფრის გასვრა, მათი შეცდომების „გაბუქვა“ და სკანდალების აგებაა. ხელისუფლებას იმის ამოცანა კი არ აქვს, რომ საზოგადეობა განვითარდეს, ერთმანეთს შეცდომები ვაპატიოთ და გამოვასწოროთ, არამედ პირიქით, საზოგადოება წავიდეს დეგრადაციისკენ და ხელისუფლებას ჰქონდეს სათქმელი-მე არ მოგწონვარ? ისინი ჩემზე უარესები არიან. ეს არის დღეს მთელი იდეოლოგია, რომელიც ინერგება, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან მართვის ასეთი მოდელი, ასეთი ნეგატიური პროპაგანდა ქვეყანას უბიძგებს არა განვითარებისკენ, არამედ დეგრადაციისკენ, რაც საბოლოოდ უფსკრულით მთავრდება“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა