საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის მოსწავლეებმა წყალბადის მისაღებად ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგია შექმნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული STEM-აკადემიის მოსწავლეთა ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგიით წყალბადის მიღება ეკოლოგიურად სუფთა გზით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტმა „წყალბადის გენერატორი“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიულ ბაზაზე შესრულდა, „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსზე სტუ-ის STEM-აკადემიის მოსწავლეთა ჯგუფის გამოგონებამ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა, მის ავტორებს კი 3 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიება კი პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით ჩატარდა.

როგორც სტუ-ის STEM-აკადემიის მოსწავლეთა გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-GESS“-ის მოსწავლე როსტომ ნიორაძე აღნიშნავს, პროექტის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა გზით წყალბადის მიღება იყო. ახალ ტექნოლოგიის შექმნაზე მასთან ერთად მუშაობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ თავდიშვილი და „კოლეჯ მერმისის" მოსწავლე ზურაბ კოპაძე. ჯგუფს მენტორობას უწევდა სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური პროექტირებისა და კონსტრუირების ცენტრის უფროსის მოადგილე, პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაახლოებით, 3 წლის წინ მივედი. თეიმურაზ ჩიჩუასგან არა მხოლოდ ფიზიკის კანონები შევისწავლე, არამედ, ადამიანობაც.

უნივერსიტეტში სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდით, თუმცა საბოლოოდ, „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე 2 პროექტი წარვადგინეთ. პირველი პროექტი, რომლითაც გრან პრი მოვიპოვეთ, არის „შუქგამტარული მოქნილი მასივი, სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და მზის ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“. მას შემოკლებით „თეთრი დათვი“ ვუწოდეთ. ამ პროექტით შევეცადეთ მზის ელემენტების ეფექტურობის გაზრდას შედარებით ნაკლები დანახარჯებითა და საიმედო გზებით. რაც შეეხება წლევანდელ პროექტს, რომლის სრული სათაურია - „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“, მან კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. „წყალბადის გენერატორი“ საშუალებას გვაძლევს, წყალბადი საიმედო, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური გზებით მივიღოთ“, - განაცხადა როსტომ ნიორაძემ.

სტუ-ის STEM-აკადემიის მოსწავლეთა გამარჯვებული გუნდის მენტორი, პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუა კონკურსის შედეგით კმაყოფილია და განმარტავს, რომ „წყალბადის გენერატორი“ ინოვაციურია, რადგან ამ გზით წყალბადის მიღება გარემოს დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

„ჩვენი გენერატორი ინოვაციურია. ის არ წარმოადგენს სტაციონარულ მოწყობილობას და წყალბადის მისაღებად არ იყენებს ელექტროლიზის მეთოდს. მჟავებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოყენებული ტუტოვანი ნივთიერებები ეკოლოგიურად სუფთაა. რეაქციის შედეგად მიღებული ალუმინის შემცველი ნივთიერება გამოიყენება ქიმიურ წარმოებაში, ანუ ხდება მისი უტილიზაცია და არც გარემოს დაბინძურების საფრთხე წარმოიქმნება“, - აცხადებს სტუ-ის პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუა.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა ჯგუფები, სხვადასხვა დროს, არაერთხელ გახდნენ 10-წლიანი ისტორიის მქონე, ყველაზე პოპულარული „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებული. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2020 წლის კონკურსის სამივე გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიულ ბაზაზეა შექმნილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს