შალვა პაპუაშვილი - რაც მოვისმინეთ, არ არის საკმარისი და კვლავ დატოვა/გააჩინა კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემის გარეშე, ISFED-ის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება

დღეს რაც მოვისმინეთ, ეს არ არის საკმარისი და კვლავ დატოვა/გააჩინა კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემის გარეშე, ISFED-ის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც პარალელური დათვლის შედეგების თაობაზე ISFED-ში დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის აზრით, მისასალმებელია, რომ საკითხში ISFED-ის გამგეობა ჩაერთო და ცდილობს საკითხში გარკვევას.

“მთავარი - გვერდს ნუ უვლით თარიღებს. "ნოემბრის დასაწყისი", "ნოემბრის ბოლო" არ არის საკმარისი პასუხი. ყოფილმა თავმჯდომარემ ყველა ინტერვიუში და დღესაც გვერდი აუარა თარიღების დასახელებას. არადა, ზოგ საკითხში, თარიღი გადამწყვეტია. ასე რომ, ახლა უკვე, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) გამგეობისგან მოველი, რომ დაასახელებენ კონკრეტულ თარიღებს: რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირის ექსპერტი? რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი? რომელ რიცხვში მიხვდა თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი? და ბოლოს, მადლობელი ვიქნები, თუ ახლა უკვე ISFED-ის გამგეობა აღარ გაიმეორებს "იქნებოდეს იქნება მიდგომას", თითქოს ხარვეზი ვინმეს მიყურადებით აღმოვაჩინეთ. ნუ შეუწყობთ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას (ბოლო-ბოლო, თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვის პროექტს) პატივი ეცით თქვენს, ჩვენს და საზოგადოების ინტელექტს“,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს