კახა კალაძე - მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს, სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო ქონების დატაცება დანაშაულია.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს.

„სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკვრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა - ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯებდოს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საბინაო ფონდის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით ის ადამიანები და ოჯახები დაკმაყოფილდებიან, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.

„ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც რეალურად დაიწყო ზრუნვა სოციალურად დაუცველ, გაუბედურებულ ოჯახებზე. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა. ძალიან კარგი იქნებოდა, წინა წლებში ამისთვის ყურადღება მიექციათ. მაშინ რომ ეს ნაბიჯები გადადგმულიყო, დღეს ქალაქში მსგავსი პრობლემა აღარ გვექნებოდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. როდესაც კოეფიციენტების მატება იყო შესაძლებელი, ყველა ასეთ პროექტზე კომპანიები დავავალდებულეთ, რომ იმ კოეფიციენტის მატების შემთხვევაში, რა მოთხოვნაც იყო და ურბანულად პრობლემას არ წარმოადგენდა, აშენებული ფართებიდან 10% დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცათ. მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გვექნება, რომელსაც იმ ადამიანებსა და ოჯახებზე გადავანაწილებთ, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ამ ყველაფერს ექნება თავისი წესები და ვინმეს არ ეგონოს, რომ ფართების გასხვისება თვალდახუჭულად მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იხილეთ ვიდეო:

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა