„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა.

ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.

"როგორც თავიდანვე განვსაზღვრეთ, მათი პოზიცია იქნება გადამწყვეტი ყრილობისთვის, რომელიც გაიმართება ზეგ და ყრილობა ოფიციალურად გააფორმებს ამას, როგორც საქართველოს კანონმდელობით არის დარეგულირებული ეს საკითხი“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, განცხადება გაავრცელა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელშიც ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს.

"ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.

ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან 26 დეკემბერს, 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ენმ" ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21:00 საათამდე გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს