მეუფე შიო - სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში

სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში, - ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს და გადმოგვცემს, თუ როდენ დიდი და უსაზღვროა უფლის ჩვენდამი სიყვარული. ეს სიყვარული იმდენად დიდია, რომ იგი ამ სიყვარულს გადმოსცემს საქორწილო სუფრის, ნადიმის მაგალითით, იგავით; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში – ეს არის შვილის ქორწილი, ის ბედნიერება, რომელიც ქორწინებას მოაქვს და აი, ამით გვაჩვენებს უფალი, რაოდენ ვუყვარვართ და რომ ყველას მოგვიწოდებს ღმერთი.

ამ ნადიმში იგულისხმება, როგორც მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, ცხოვრება უფალთან ერთად, ასევე – წმინდა ევქარისტია, ზიარების საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიებში, რომლის მომსწრენი და დამსწრენიც ვართ ჩვენ დღეს და რომლის დროსაც ჩვენ ვეზიარებით უფალ იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ვუერთდებით იმ დიდ საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა, როდესაც განტეხა პური, მისცა თავის მოციქულებს და მას შემდეგ ეს წმინდა პური და წმინდა სისხლი – მისი ხორცი და სისხლი – განიტეხება მარადიულად და ჩვენ მას ვეზიარებით.

უფალი მოუწოდებს ადამიანებს, რომ მან შექმნა ეს სამყარო სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ ვეზიაროთ და ვიყოთ მონაწილენი ამ დიდი სიხარულისა.

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს, რაოდენ უმადურია ადამიანი, რაოდენ სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდგე. ბოლოს იგავი მეტად მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, ჩინებულნი, მაგრამ მცირედნი – რჩეულნი“, მცირედნი პასუხობენ მას.

უფალი აგზავნის თავის მსახურებს, იწვევს ყველას და პატიჟებს. ერთნი ეტყვიან, რომ მიწა შეიძინეს: „ეს მიწა უნდა დავამუშაოთ, მოვიხილოთ, გვაპატიე, გლოცავთ და ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ვერ მოვალთ“.

ხშირად ჩვენც ასე გვემართება, როცა უფალი გვიწვევს და გვეძახის; ჩვენც ვცდილობთ, უფრო მიწიურს, მიწიურ ღირებულებებს მივეჯაჭვოთ და თითქოს ვეუბნებით უფალს, რომ მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალო, ჯერ არ გვცალია ზეციურისთვის. ამიტომ ვცდილობთ, იმდენად დავმკვიდრდეთ დედამიწაზე, რომ არაფერმა შეგვარყიოს.

მეორენი ეტყვიან: „ხუთი უღელი ხარი ვიყიდეთ, უნდა ვნახოთ, მივიდეთ, გვაპატიე, ვერ მოვალთო“. ყველა ძალიან ზრდილობიანად ამბობს უარს.

„ხუთი უღელი ხარი“ თხრობის იგავური ფორმაა. ეს შეიძლება იყოს მთელი ჩვენი საქმიანობა, მთელი შრომა ადამიანისა. ადამიანი ამბობს: „მე უნდა ვიშრომო, ბევრი საქმე მაქვს, ჯერ არ მცალია შენი ნადიმისა და სასუფევლისთვის, კვალი უნდა დავტოვო დედამიწაზე“.

მიწა და ხარი მხოლოდ მცირედი მაგალითებია, რომლებიც შეიძლება განვავრცოთ და მათში ვიგულისხმოთ ჩვენი პირადი საქმეები, სამეცნიერო თუ სახელოვნებო საქმიანობა, ბიზნესი თუ ნებისმიერი რამ, რის გამოც შეიძლება უარი ვუთხრათ უფალს, ვუთხრათ, რომ ოდესმე, მომავალში, სიბერის ჟამს მოვიქცევით, მაგრამ ახლა ადრეა, ჯერ აქ, დედამიწაზე, ბევრი საქმე გვაქვს.

მესამენი ეტყვიან, რომ დავქორწინდით და არ გვცალიაო.

ეს იგავი გვასწავლის, რომ როცა უფალი მოგვიწოდებს, ჩვენ ვპოულობთ დედამიწაზე ისეთ საქმიანობას, რომლის გამოც ვერ ვიცლით ღვთისთვის; ისეთ სიყვარულს (როგორც იგავში, ქორწინება ვისაც ჰქონდა) – პირად სიყვარულს, რომელიც გვავიწყებს ღმერთს და ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე ღმერთის სიყვარული.

შემდეგ უფალი ამბობს, რომ მაშინ წადით და ყველას მოუწოდეთ, ვისაც ნახავთ ქუჩებში, უბნებში, ორღობეებში, ვინც კი არის ბრმა, მკელობელი, კეთროვანი, დაავდებული. ესეც ხატოვანი გამოთქმაა და ნიშნავს, რომ ღმერთი ამ საქორწილო ნადიმზე ყველას მოუწოდებს – კეთილსაც და ბოროტსაც.

ბოლოს უფალი ამბობს, რომ უარის მთქმელი მოწვეულნი გემოს ვერ ნახავენ ჩემი ნადიმისა, სასუფევლისაო. როგორც გითხარით, იგავი მთავრდება ამ სიტყვებით: „მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ“.

ეს ნიშნავს, რომ მცირედნი რჩეულნი არიან იმიტომ კი არა, რომ უფალი ირჩევს მცირეს, არამედ იმიტომ, რომ მცირედნი ღირსად მიიჩნევენ უფალს, რომ ყურადღება მიაქციონ, დაუთმონ დრო, სიყვარული და უარი თქვან თავიანთ პირადულ, ადამიანურ სიხარულზე.

საბოლო ჯამში, რას ვიღებთ, როცა ვითხოვთ მიწიურს და აქ დამკვიდრებას?

გვახსოვდეს ბიბლიის სიტყვები: „მიწა ხარ და მიწად იქცევი“.

საბოლო ჯამში, მიწა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, შემდეგ ყველაფერს უკან იბრუნებს. ეს ნაკვეთი ადამიანს გადაექცევა საფლავად; მისი შრომა, რომელიც ღმერთის გარეშეა და ღმერთს ავიწყებს, აღარავის ახსოვს ერთი-ორი თაობის შემდეგ. როგორც წესი, ასეა და ის სიყვარულიც, რომელიც ღვთის გარეშე არსებობს, დავიწყებას ეძლევა, ხშირად სიძულვილში გადადის და ჩვენ ამას ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში.

„მცირედნი არიან რჩეულნი“ – ვიმეორებ, ეს მათზეა, ვინც ღირსად მიიჩნევს ღმერთს, რომ ყურადღება მიაქციოს. უნდა დავფიქრდეთ, ვინ ვართ, როგორნი ვართ დღეს, ვპასუხობთ თუ არა ღმერთს ამ მოწოდებაზე? საკმარისია, ვუპასუხოთ ამ სიყვარულით, რომ უფალი მიგვიღებს საქორწილო სერობაზე, მარადიულ ნადიმზე.

აი, ამას მოგვითხრობს დღევანდელი სახარება. ეს სწავლება გვეძლევა უფლისგან და ჩვენზეა დამოკიდებული მისი აღსრულება.

იგავში ასევე არის შემდეგი სიტყვები: „უფალი ბრძანებს, რომ ვინც უარს იტყვის, ჩააგდეთ იგი ბნელსა შინა გარესკნელსა, სადაც არის ტირილი და ღრჭენა კბილთა “.

ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული, სად გვინდა, აღმოვჩნდეთ და ვიყოთ – სადაც არის „გარესკნელი ბნელსა შინა“, თუ ძე ღმერთის მარადიულ ნადიმზე სიხარულის წევრნი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ ,- აღნიშნა მეუფე ქადაგებისას.

იხილეთ ვიდეო:სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში - მეუფე შიო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო